ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს

20 თებერვალი, 2017 • 2847
აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ელჩინ ისმაილს მუქარით ფულის გამოძალვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდება წარუდგინეს და დააკავეს.

ელჩინ ისმაილი 2017 წლის 17 თებერვალს აზერბაიჯანის ისმაილის რაიონში დააკავეს, სადაც ცხოვრობს და მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა კავკაზსკი უზელს მისმა ადვოკატმა ისლამ ისმაილოვმა განუცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების თანახმად,  ჟურნალისტი ისმაილის რაიონის ტურიზმისა და კულტურის განყოფილების თანამშრომელს გარკვეული ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ ფულს სძალავდა. ისმაილი სწორედ ფულის გადაცემის დროს დააკავეს.

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება გამოგონილია და დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.  ელჩინ ისმაილის განმარტებით,  ისმაილის რაიონის ტურიზმისა და კულტურის განყოფილების თანამშრომელს 2003 წლიდან იცნობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ფული კი [1000 მანათი, დახლოებით 600 აშშ დოლარი] მისგან სესხის სახით აიღო.

ჟურნალისტი ელჩინ ისმაილი ბოლო წლებში ადგილობრივი  ჩინოვნიკების უკანონო საქმიანობით იყო დაინტერესებული. თანამშრომლობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან, მათ შორის რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიუროსთან.

ელჩინ ისმაილს 2014 წლის 26 მაისს უცნობი პირები თავს დაესხნენ. მაშინ მოსახლეობის საჩივრის ფაქტზე ადგილობრივი რესტორნების ქსელის წინააღმდეგ ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა.  2015 წლის 2 ივნისს ჟურნალისტი ქალაქ ისმაილში დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. თუმცა სასამართლო  მისი გაფრთხილებით შემოიფარგლა და გაათავისუფლა.

ხელისუფლებისა და კონკრეტული ჩინოვნიკების მხილების შემდეგ აზერბაიჯანში სხვადასხვა ბრლდებით ჟურნალისტების დაკავება სიახლე არ არის. ყველაზე გახმაურებული დაკავების ფაქტი აზერბაიჯანში გამომძიებელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას უკავშირდება.

ელჩინ ისმაილი; ფოტო "კავკაზსკი უზელის" ვებ გვერდიდან

ელჩინ ისმაილი; ფოტო “კავკაზსკი უზელის” ვებ გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი