ახალი ამბები

“გირჩი” ზაზა სოფრომაძეს და ლაშა კილაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

20 თებერვალი, 2017 • 5263
“გირჩი” ზაზა სოფრომაძეს და ლაშა კილაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

20 თებერვალს ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩმა” ბრიფინგი გამართა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” დირექტორი ლაშა კილაძე მონოპოლიზაციის კორუფციული გეგმის შემუშავებაში დაადანაშაულა.

ნეტგაზეთი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ ჯერ არ იციან, გააკეთებენ თუ არა კომენტარს. “ნეტგაზეთთან” საუბარში ლაშა კილაძემ ბრალდებებს დეტალურად უპასუხა და განაცხადა, რომ “ბუნებაში არ არსებობს კორუფციული სქემა”.

“გირჩის” განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ნარკოტიკებზე მომხმარებელთა მკურნალობისთვის აცხადებს ტენდერს, რომლის შესყიდვის პირობები შედგენილია ისე, რომ მხოლოდ სახელმწიფო შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ შეუძლია დააკმაყოფილოს შესყიდვის პირობები და გაიმარჯვოს ტენდერში. თუმცა, გირჩის განცხადებითვე, ნარკომანიის პრევენციის ცენტრი თავად ვერ ახერხებს, სრულად მოემსახუროს პაციენტებს და სჭირდება ქვეკონტრაქტორი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არის შპს “ურანტი”.

გირჩის განცხადებითვე, ნარკომანიის პრევენციის ცენტრი “ იღებს სატენდერო თანხის 83%-ს და მთელი პაციენტების 60%-ს ემსახურება, ხოლო კერძო ქვეკონტრაქტორი ა(ა)იპ იღებს ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი თანხის 17%-ს და პაციენტების 40%-ს ემსახურება.

ამ ინფორმაციას უარყოფს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” დირექტორი ლაშა კილაძე.

“ეს სიმართლე არ არის, რიცხვები არის არეული. ტენდერში გამარჯვებულს აქვს სრული უფლება, აიყვანოს ქვეკონტრაქტორი მისთვის მისაღები პირობების ფონზე. ცენტრის მიზანი არ არის რომელიმე ქვეკონტრაქტორის გამდიდრება, ცენტრის პრიორიტეტი არის პაციენტი და მასზე ორიენტირებული სერვისები”, – აცხადებს კილაძე.

მან ნეტგაზეთს მიაწოდა 2016 წლის იანვრის და თებერვლის მონაცემები. მაგალითად, იანვრის თვეში, კილაძის ინფორმაციით, მისი ცენტრისა და “ურანტის” მიერ გაწეული ხარჯები ასე გამოიყურება:

გირჩის თქმით, სახელმწიფო შპს პროგრამის შემსყიდველ სააგენტოსთან ერთად მუდმივად ცდილობს, პრობლემები შეუქმნას ქვეკონტრაქტორ “ურანტს” და მათი საბოლოო მიზანია – სახელმწიფო შპს გახდეს ერთადერთი მომსახურების მიმწოდებელი, ანუ მონოპოლისტი.
“ტენდერში არის გამარჯვებული ჩვენი ცენტრი, რადგან ბევრად უფრო სრულყოფილი ინფრასტრუქტურა აქვს, ვიდრე ყველა დანარჩენს, ჩვენ სერვისს ვახორციელებთ საქართველოს 9 ქალაქში, თბილისის გარდა, და გვაქვს 14 განყოფილება. თუ ვინმეს აქვს სურვილი, გახსნას ეს განყოფილებები და იმუშაოს, ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით და ჩემთვის გაურკვეველია, რა სასათბურე პირობებზეა საუბარი. ლეგიტიმური ეჭვი მიჩნდება, რატომ ლობირებს ეს ე.წ. პარტია კონტრაქტორს ასე გააფთრებით?” – აცხადებს ლაშა კილაძე.
გირჩის ცნობით, მონოპოლიას განაპირობებს ის გარემოება, რომ სახელმწიფო შპს-ში დასაქმებული არიან ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები. ასეთებად “გირჩის” ჩამოთვლილი ყავს თავად ლაშა კილაძის დედა და ცოლი, ასევე  ასევე ყოფილი თანამდებობის პირებიც ოჯახის წევრები, ყოფილი ძალოვანი უწყების თანამშრომლები და ასე შემდეგ. 

გირჩის მიერ შედგენილი კორუფციული სქემა ასე გამოიყურება

გირჩის მიერ გამოქვეყნებული სქემა

გირჩის მიერ გამოქვეყნებული სქემა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე ამ ბრალდებებს უარყოფს:

“სპარტაკ ბუკია არავითარი ფინანსური დირექტორი არ არის, ის არის ადმინისტრაციული მენეჯერი და ფინანსურ საკითხებთან არავითარი შეხება არა აქვს.

რაც შეეხება ნეპოტიზმს, საუბარია დედაჩემზე, რომელიც ამ ცენტრის დაარსების დღიდანაა მისი თანამშრომელი, ხოლო მე ამ ცენტრში სამუშაოდ მოვედი არასრული სამი წლის წინ. ჩემი მეუღლე არ მუშაობს ჩემს ცენტრში, ის მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოში და არანაირი შეხება ჩვენს ცენრტთან არ გააჩნია.

რაც შეეხება ყოფილ პოლიციელებს, მე არ მგონია, ყოფილი პოლიციელობა იყოს დანაშაული, აქ არის სამსახური, რომელიც ახორციელებს პროგრამების უსაფრთხოებას, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურის გამართული მუშაობა განსაზღვრავს ცენტრის გამართულ მუშაობას, მათ შორის ნარკოტიკის არალეგალური ბაზის გაჟონვასთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, რომ ეს რომელიმე ადამიანი არასწორად ასრულებს თავის საქმიანობას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი