ახალი ამბები

დეკანოზის პატიმრობის განჩინება სასამართლომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ გასცა

20 თებერვალი, 2017 • 1568
დეკანოზის პატიმრობის განჩინება სასამართლომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ გასცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ მოგვაწოდა მოსამართლის ის განჩინება, რომლითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლომ დღეს, 20 თებერვალს, წერილობით გვაცნობა, რომ დეკანოზის საქმეზე მოსამართლის განჩინება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით არ გაასაჯაროა,  თუმცა სასამართლოს პრესსამსახურმა 13 თებერვალს ზეპირად განგვიმარტა, რომ საქმე საიდუმლო იყო და ამის გამო ინფორმაციას ვერ გასცემდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილში მითითებულია, რომ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების გამო.

“საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები – ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე”… საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე პრიმა მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათი დაცვისა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.

ინფორმაციის გაცემის დროს, როდესაც სასამართლო არ მოქმედებს სამართალწარმოების მიზნით, სასამართლოს მიერ მონაცემთა დამუშავებაზე ვრცელდება “პერსონალურ მონაცემთა შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა ინფორმაციის/ განჩინების მოწოდების თაობაზე”, – წერია სასამართლოს წერილში.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” იურისტი ნინო მერებაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო მოიქცა კანონის დაცვით, რადგან მათ არ ჰქონდათ უფლება, რომ ამ ტიპის ინფორმაცია გაესაჯაროებინათ. თუმცა, მეორე მხრივ, პრობლემურია ის, რომ გახმაურებულ საქმეების შემთხვევაში სასამართლო არ გასცემს ინფორმაციას.

2017 წლის 16 თებერვალს “ნეტგაზეთმა” საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა მოსამართლის ის განჩინება, რომლის მიხედვითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა შეუფარდეს.

დეკანოზის დაკავებიდან დღემდე, საქართველოს პროკურატურას არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რომელიც დეკანოზის დაკავებას შეეხება, რასაც მოითხოვს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. პროკურატურა აცხადებს, რომ ილია მეორის ჩამოსვლის შემდეგ გაასაჯაროებს ინფორმაციას.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. მას პროკურატურა ბრალად სდებს მკვლელობის მომზადებას. პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოწმის ჩვენების მიხედვით, მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემართებოდა ბერლინში, სადაც იმყოფებოდა სამკურნალოდ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და მისი თანმხლები პირები.

საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნული საქმის კურსში იყო და პატრიარქის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი გააგზავნა ბერლინში.

მასალების გადაბეჭდვის წესი