ახალი ამბები

ნინო გვენეტაძემ “რუსთავი 2”-ის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა

20 თებერვალი, 2017 • 2237
ნინო გვენეტაძემ “რუსთავი 2”-ის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც  სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ანგარიშს ისმენენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ “რუსთავი 2”-ის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

ნინო გვენეტაძის განცხადებით, კომენტარის გაკეთებისგან შემდეგი მიზეზის გამო იკავებს თავს:

“პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მე სამოსამართლეო ეთიკა ძალიან მბოჭავს. მეორე მიზეზია დაუსრულებელი სამართალწარმოების პროცესი. უზენაეს სასამართლოში წარმოება არ არის დასრულებული. როცა სამართალწარმოების პროცესი დასრულდება, სასამართლო გააკეთებს განცხადებებს, რომლებიც კითხვებს უპასუხებს. ვაცნობიერებ საზოგადოების მაღალ ინტერესსს, მაგრამ ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება მიმდინარე პროცესზე დაუშვებელია. ” – აღნიშნა გვენეტაძემ.

ნინო გვენეტაძეს კომენტარი არც მედიასთან გაუკეთებია. მისი თქმით, პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლო,  სავარაუდოდ, გაავრცელებს განცხადებას:

“პროცესის დასრულების შემდეგ შეიძლება კომენტარები მიიღოთ სასამართლსოგან, როგორც სასამართლო პროცესის გაჭიანურებაზე, ისე საქმის განმხილველი მოსამართლეების ქცევაზე. ამ ეტაპზე, მე კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს.”

5 თებერვალს გადაცემა “პოსტკრიპტუმში” ნაჩვენები სიუჟეტის მიხედვით,  ნატა ნაზღაიძის ოჯახს, რომელმაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით,  თბილისის მერიამ თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებული 5000 კვადრატული მეტრი მიწა გადაუფორმა. მათ მიერვე გავრცელებუ;ლი ინფორმაციის თანახმად, 129 ათასი ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათასი დოლარი- საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეებზე ზეწოლაში სუს-ი დაადანაშაულა.

ნიკა მელიას ნათქვამს სუს-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოკლებულია საფუძველს. სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, იგი “მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს”. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მიმოწერის მიხედვით, შეტყობინება გამოგზავნილია ნომრიდან, რომლის კოდია +380, რაც უკრაინის სატელეფონო კოდია, სადაც ამჟამად გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფება.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა. არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწერისა და არც ამ ვაიბერ-მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვას ითხოვს. ამასთან, მიმართავს პრეზიდენტს და სთხოვს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, უშუალოდ ჩაერთოს ამ საქმეში და გამოძიებას თვალყური  მიადევნოს. უმცირესობა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრასაც გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი