ახალი ამბები

გამრეკელაშვილი: ილია II იძულებული გახდება რეზონანსული და მისთვის მტკივნეული არჩევანი გააკეთოს

20 თებერვალი, 2017 • 2989
გამრეკელაშვილი: ილია II იძულებული გახდება რეზონანსული და მისთვის მტკივნეული არჩევანი გააკეთოს

რატომ გამძაფრდა მდგომარეობა საპატრიარქოში ზუსტად მაშინ, როცა ილია მეორე გერმანიაში საოპერაციოდ გაემგზავრა, რომელ დაჯგუფებებს შორისაა დაპირისპირება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა:

რატომ გამძაფრდა საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირება, ვგულისხმობ ქორეპისკოპოს იაკობის, მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებებს, რაც მოჰყვა დეკანოზ მამალაძის დაკავებას, ეს გამოიწვია ილია მეორის ავადმყოფობამ?

– საპატრიარქოში უკვე დიდი ხანია მიდის ბრძოლა და დაპირისპირება, რომელიც ძირითადად ძალაუფლების ან გავლენების გადანაწილებას უკავშირდება. როგორც ჩანს, კონფლიქტი პატრიარქის ძმისშვილს, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს, მის მხარდამჭერ გუნდსა და მათ ოპოზიციაში მყოფ, საპატრიარქოს ადმინისტრაციულ შემადგენლობას შორის საკმაოდ გამწვავდა და მომწიფდა გადამწყვეტი ბრძოლისათვის. სწორედ ამ ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდია ეს ბოლო შერკინება, რომელსაც უკვე ეძახიან “ციანიდის საქმეს“.

ძნელია, ცალსახად ითქვას, კონკრეტულად რა იყო მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ კონკრეტული მოვლენისა. პატრიარქის ავადმყოფობა კარგი შესაძლებლობაა მისი გვერდის ავლით რაიმეს ჩადენისა. მეორე მხრივ, დაჯგუფებებს შორის ანგარიშები სწორედ პატრიარქის სიცოცხლეშივე უნდა გაირკვეს, რომ რომელიმე მხარის უპირატესობა გამყარდეს.

უწმინდესის ავადმყოფობა ყოველთვის იწვევს ხოლმე ამგვარ შეხლა-შემოხლას, ამძაფრებს საბრძოლო მოქმედებების მოახლოების განცდას.  თუმცა, როგორც პროკურატურა და საქმეში არსებული მოწმეები ამტკიცებენ, ამ ქმედებას დეკანოზი მამალაძე დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. ყველაფერს ნათელი გამოძიების მასალების გასაჯაროების შედეგად მოეფინება.

ამ პროცესებიდან გამომდინარე, რამდენი ჯგუფია საქართველოს ეკლესიაში დაპირისპირებული?

– უკანასკნელმა პროცესებმა არ გვაჩვენა ნათლად დაჯგუფებათა არქიტექტონიკა. უბრალოდ, ცხადყო შემდეგი, რომ არსებობს ერთი დიდი, მძლავრი დაჯგუფება – მიტროპოლიტ დიმიტრის მეთაურობით და მას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მეუფე დანიელი, აბრაამი, სერგი და სხვები უკვე კარგა ხანია აღარ ჩანან ასპარეზზე ლიდერების სახით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჩანაფიქრებზე უარი თქვეს.

მეორე მხრივ, პატრიარქობაზე ალბათ სინოდის თითქმის ყველა წევრი ფიქრობს, ანუ შეიძლება მომავალი პატრიარქის არჩევნების წინ მივიღოთ ვერნერ ჰერცოგის ფილმის დასახელების მსგავსი სიტუაცია: “ყველა თავისთვის, ღმერთი კი ყველას წინააღმდეგ“.

ილია მეორემ გაავრცელა ვიდეომიმართვა სადაც ამბობს, რომ ეკლესიის და ერის დარღვევას ვერავინ შეძლებს. ვის მიმართ იყო ეს ნათქვამი? ეხება თუ არა ეს ნათქვამი თავად ხელისუფლებასაც?

– თუ შევეცდებით პატრიარქის ბიოგრაფიიდან გამოვყოთ რამდენიმე შტრიხი, რომელიც მუდმივად ახასიათებდა მის შემოქმედებას, ერთ-ერთი აუცილებლად აღმოჩნდება მისი სწრაფვა, არ მისულიყო ვითარება ეკლესიისა და სახელმწიფო სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებამდე. ამიტომაც, მისი მმართველობის პერიოდში, გადამწყვეტ მომენტში, ეკლესია ყოველთვის მიდის მორიგებაზე სახელმწიფოსთან. ეს დამოკიდებულება პატრიარქს, შეიძლება ითქვას, რომ ინსტინქტად ექცა.

ვითარება მისთვისაც უცნობია, უბრალოდ, მან გააჟღერა, რა არის მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი: თანამშრომლობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ეს გაფრთხილება, ბუნებრივია, სხვა ყველაფერთან ერთად, ხელისუფლების წევრებისადმიც არის მიმართული, რომელთაგანაც ბევრმა, უბრალოდ, წინდაუხედავად იმოქმედა ან ისაუბრა. ეს იყო ასევე მინიშნება, რომ პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აწყობს, მომხდარი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის დიდ დაპირისპირებად შეაფასოს.

პატრიარქის ნათქვამიდან ჩანს თუ არა, რომ იგი მხარს უჭერს მიტროპოლიტ დიმიტრის?

– პატრიარქი საქმის ვითარების გარკვევამდე თავს იკავებს რომელიმე მხარის სასარგებლოდ  საუბრისგან. თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ მის მიერ მამა გიორგი მამალაძის შექებამ და დადებითად მოხსენიებამ ბრალდებულ სასულიერო პირს გარკვეული იმუნიტეტი შესძინა. პატრიარქს არ სჯერა, რომ დეკანოზი არ არის მსგავსი რამის ჩამდენი. თუმცა მამა გიორგის ბიოგრაფია საკმაოდ წინააღმდეგობრივია, იგი აშკარად დიდი ამბიციების მქონე ახალგაზრდაა და, შესაბამისად, გამორიცხული ამ ეტაპზე არაფერია.

რა ნაბიჯია ილია მეორისგან მოსალოდნელი, როცა ჩამოვა საქართველოში? მან იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი მოგვარდება, როცა დაბრუნდება.

– კათოლიკოს-პატრიარქმა ძალიან ბევრი კრიზისი და სირთულე გადაიტანა მთელი ათწლეულების განმავლობაში. იქნებოდა ეს დაძაბულობა ქვეყნის ხელისუფლებასთან, საკუთარ მრევლთან, სინოდის წევრების მხრიდან განდგომა თუ სხვა. შექმნილი სიტუაცია უაღრესად რთული და, ფაქტობრივად, აპოკალიპტურია. სახეზე გვაქვს ერთგვარი ინტიმურობის შემცველი სამკუთხედი – კონფლიქტი პატრიარქის ორ ყველაზე ახლობელ ადამიანს შორის: მის პირად მდივან შორენა თეთრუაშვილსა და მისსავე ძმისწულ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს შორის. ვითარებას ართულებს საქმის კვალიფიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულის განხრით და, მეორე მხრივ, სიტუაციის გასაჯაროება მედიასივრცეში.

კათოლიკოსს აღარ აქვს საშუალება, ეს ყველაფერი ჩუმად და უმტკივნეულოდ მოაგვაროს. ის იძულებულია გააკეთოს არჩევანი, რომელიც იქნება საჯარო, რეზონანსული და ძალიან მტკივნეული პირადად მისთვისაც. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პროკურატურა მასალების გასაჯაროებას, სავარაუდოდ, სწორედ პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ გეგმავს.

მისი არყოფნისას მდგომარეობა არათუ გაუარესდა, არამედ, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. გამოსავალი მხოლოდ ერთგვარი “დიდი აფეთქება“ იქნება. თუმცა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ძალიან ნიჭიერი და დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონეა, არ არის გამორიცხული, სრულიად არასავარაუდო სცენარის მიხედვით განვითარდეს ყველაფერი.

მირიან გამრეკელაშვილი

მირიან გამრეკელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი