ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის საკითხზე რეფერენდუმი იმართება

20 თებერვალი, 2017 • 2426
ყარაბაღში პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის საკითხზე რეფერენდუმი იმართება

მთიან ყარაბაღში დღეს, 2017 წლის 20 თებერვალს, რეფერენდუმი გაიმართება კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღების საკითხზე, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს. კენჭისყრა გაიმართება როგორც მთიან ყარაბაღში, ასევე, მის წარმომადგენლობაში ერევანში. რეფერენდუმის სიაში 102 ათასზე მეტი ადამიანი ირიცხება.

რეფერენდუმის გზით მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები გადაწყვეტენ, ეთანხმებიან თუ არა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას მთიან ყარაბაღში.

ახალი კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად იზრდება, პარლამენტი იძულებული იქნება, მხარი დაუჭიროს მის გადაწყვეტილებებს. პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება კი პარლამენტისა და პრეზიდენტის ხელახალ არჩევნებს ითვალისწინებს. ამასთან, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეეძლება.

პოლიტოლოგები ყარაბაღში ვარაუდობენ, რომ ბაკო სააკიანს შესაძლებლობა ექნება, 2030 წლამდე პრეზიდენტი იყოს  –  მისი უფლებამოსილების ვადა 2017 წლის ივლისში იწურება. ახალი კონსტიტუცია კი საშუალებას მისცემს, 2020 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში – ძველი კონსტიტუციიდან ახალზე გადასვლის პერიოდში. ამის შემდეგ კი კვლავ ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო აჩევნებში.

24318

დღევანდელ რეფერენდუმს მთიან ყარაბაღში 207 მონიტორი, მათ შორის 104 უცხოელი დააკვირდება.

კენჭისყრაზე კითხვა ასეა ჩამოყალიბებული”- თანახმა ხართ თუ არა, რეფერენდუმზე გამოტანილი არწახის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს, როგორც არწახის რესპუბლიკის კონსტიტუცია? შესაბამისად, რეფერენდუმი მთიანი ყარაბაღის სახელწოდების ცვლილებასაც [არწახის რესპუბლიკა] ითვალისწინებს.

აზერბაიჯანმა უკვე განაცხადა აღნიშნული რეფერენდუმის არალეგიტიმურობის შესახებ. მთიანი ყარაბაღში რეფერენდუმის ლეგიტიმურობას არც საქართველო აღიარებს. 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი