ახალი ამბები

ოხანაშვილი: მე არ ვიყავი პატრიარქთან, რამდენიმე მღვდელმთავარი იყო, როცა ჩანაწერი გაკეთდა

19 თებერვალი, 2017 • 2110
ოხანაშვილი: მე არ ვიყავი პატრიარქთან, რამდენიმე მღვდელმთავარი იყო, როცა ჩანაწერი გაკეთდა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული კადრების გადაღების დროს ის არ იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც ილია მეორე მკურნალობს. ამის შესახებ სოსო ოხანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ჟურნალისტს უთხრა.

მე არ ვიმყოფებოდი კლინიკაში საერთოდ. იქ რამდენიმე მღვდელმთავარი იყო პატრიარქთან, როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა და კონკრეტულად არ ვიცი ვინ ჩაიწერა, როგორ გავრცელდა და რატომ გავრცელდა ორ ნაწილად. არა მარტო მეუფეები, მღვდლებიც იყვნენ იმ დროს, იყო ერის ხალხიც, ბევრი ხალხი იყო ოთახში. მე არ ვაკონკრეტებ რომელი მღვდელმთავრები იყვნენ და  ვინ იყვნენ – არ ვიცი. მე დღეს დილით ვუყურე ორივე ჩანაწერს, მაგრამ არ დავინტერესებულვარ კონკრეტიკით” – თქვა ოხანაშვილმა.

“პირველი არხის” ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ოხანაშვილი გაარკვიოს ვინ გადაიღო და გაავრცელა ეს კადრები ოხანაშვილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ამის გარკვევა მას ნაკლებად აინტერესებს:

“ამ ეტაპზე პატრიარქთან ვცდილობთ რომ ასე, ამ საქმის გარშემო და საერთოდ არ [ ვილაპარაკოთ] ლაპარაკი შეზღუდულია და ვცდილობ საერთოდ არ ველაპარაკო მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. რომ ჩავალთ თბილისში, რა თქმა უნდა, პატრიარქი დაინტერესებულია ამ საქმეს ნათელი მოეფინოს იმიტომ, რომ ეს ძალიან რთული თემაა. საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი მოლოდინი აქვს ამაზე. აქ ამის გარკვევა ნაკლებად მაინტერესებს მე” – თქვა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


“რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?” – ეს არის ტექსტი, რომელიც ამოჭრილია პატრიარქის ვიდეოგანცხადებიდან, რაც გაავრცელა ზუგდიდსა და ცაიშის ეპარქიამ სამი დღის წინ.

ვიდეომიმართვის სრული ვერსია დღეს ტელეკომპანია ობიექტივმა გამოაქვეყნა. პატრიარქის ტექსტი დეკანოზზე ამ ნაწილიანად ასე გამოიყურება:

“…სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთვარდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?

…ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება,”- ამბობს პატრიარქი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი