ახალი ამბები

“ვაპროტესტებთ უსამართლობას” – რუსთავი 2-ის აქცია თბილისში [ფოტო/ვიდეო]

19 თებერვალი, 2017 • 3855
“ვაპროტესტებთ უსამართლობას” – რუსთავი 2-ის აქცია თბილისში [ფოტო/ვიდეო]

“ვაპროტესტებთ უსამართლობას” – ამ ლოზუნგით 19 თებერვალს რუსთავი 2-ის საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავორო ორგანიზაციების ნაწილიც შეუერთდა. აქციის მონაწილეებს ტელეკომპანიის თანამშრომლები მიმართავდნენ სიტყვით და მხარდაჭერას სთხოვდნენ.

აქციას არხის დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი უძღვებოდა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტის წინ გაკეთებული სცენიდან მოუწოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს, რომ “გაჰყვნენ ქრისტეს გზას”:

“გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა. დამოკლეს მახვილივით გვაკიდია ივანიშვილის რისხვა, მაგრამ არ გვეშინია. ვმუშაობთ თქვენთვის ყველაზე უკეთესად. ვიმუშავებთ კიდევ. ვითხოვთ სამართლიანობას უზენაესი სასამართლოსგან. მან არა სიტყვის თავისუფლება უნდა დაიცვას, არამედ უნდა შობოს დამოუკიდებელი სასამართლო. ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ურთმელიძეს, ნაზღაიძეს. გაჰყევით ქრისტეს გზას და შეხვალთ ქვეყნის ისტორიაში.”

საპროტესტო აქცია 15:30 საათზე დაიწყო და 16:00-ზე დასრულდა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი ლაფერაშვილის თქმით, საპროტესტო აქციით კმაყოფილია. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, ორი რამ არის მნიშვნელოვანი:

“ერთი ის, რომ რუსთავი 2-ის მაყურებლის ნაწილი დღეს იყო ქუჩაში გამოსული ჩვენი მოწოდების შემდეგ. ეს არ იყო პოლიტიკური აქცია იმ გაგებით, რომ ამ აქციაზე არ გამოდიოდნენ პოლიტიკოსები. ამ აქციაზე იყვნენ რუსთავი 2-ის თანამშრომლები მათთვის ძალიან უჩვეულო ამპლუაში. ისინი უშუალოდ მიმართავდნენ ადამიანებს და რაც ყველაზე მთავარია, უშუალოდ მიმართავდნენ ხელისუფლებას და სასამართლოს, რომ გაგვცენ პასუხი კითხვებზე, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა. ჩვენი არჩევანი არ ყოფილა ის, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით. უბრალოდ, სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ამიტომ გავხდით იძულებულები, მიგვემართა პროტესტის ამგვარი ფორმისთვის. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომელმაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ჩაიარა და ურთიერთობას მაყურებელთან ისევ გავაგრძელებთ.”

კითხვაზე, თუ რას გეგმავს რუსთავი 2 სამომავლოდ და გააგრძელებს თუ არა საპროტესტო მაუწყებლობით ბრძოლას, ლაფერაშვილი გვპასუხობს:

“ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება ქართული კანონმდებლობით და ყველა მოქმედება, რომელსაც ასეთი [ჩვენთვის უარყოფითი] გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ეთერში განვახორციელებთ, შეიძლება კანონგარეშე გამოცხადდეს. ამიტომ ვიდრე ეს გადაწყვეტილება გამოცხადდება და ვიდრე ჩვენ გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, პრეტესტი ვაწარმოოთ საპროტესტო მაუწყებლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ძალიან ძნელი სათქმელია იწინასწარმეტყველო, რა მოხდება შემდეგ. სწორედ ამიტომ გამოვედით დღეს რუსთაველზე, რომ მიგვეღო პასუხი ამ კითხვებზე.”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთი-ერთი ლიდერის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ის, რაც დღეს აქციაზე იხილა საზოგადოებამ, ნათლად და ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟმის დრო საქართველოში დამთავრდა.

“ამ აქციას შეუერთდა 10 ათასობით მოქალაქე თბილისიდან, რეგიონებიდან, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, სხვადასხვა სოციალური და კულტურული ჯგუფების წარმომადგენლები; ადამიანები, რომლებსაც აერთიანებთ, რეალურად, ერთი რამ – იმის გაცნობიერება, რომ გვინდა, ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული. ამ ყველაფერს ყავს ერთი მტერი – ბიძინა ივანიშვილი. დღეს რუსთავი 2 არის თავდაცვის ბოლო ფრონტის ხაზზე, რომლის იქითაც არის უკვე ივანიშვილის ბნელი, რუსული, კორუმპირებული, მოღალატეობრივი რეჟიმი. რუსთავი 2 თუ დავთმეთ, ჩვენ უკვე ან ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეთ, ან ჩვენი თავი უნდა გავწიროთ რამდენიმე ათწლეულით მონობისთვის,” – ამბობს ბიბილაშვილი.

პოლიტიკური ოპონენტების კითხვას, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მედია არ იყო თავისუფალი საქართველოში, ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს:

“ამ ჩასაფრებულ კითხვაზე ორი ძალიან მარტივი პასუხი მაქვს – თუ ედრებით ძველ დროს, პირველ რიგში, შეედარეთ კარგს. იმ “ცხრა წლის” განმავლობაში ხდებოდა აურაცხელი კარგი რამ; ეკონომიკა იყო გამართული, ყოველ წელს იმატებდა ხელფასები, ყოველ წელს იმატებდა პენსიები, ინვესტიცეები შემოდიოდა მილიარდობით, ქვეყანა წელში იყო გამართული, ხალხი იყო ღირსეული, მწვანილში არ ვცვლიდით ეროვნულ ღირებულებებს და თავისუფლებას, ხოლო ახლა ეს ყველაფერი დავივიწყეთ – დენი აღარ არის, გაზი აღარ არის, გაზპრომს მივეყიდეთ, ჩვენს მეომრებს რუსეთს გადავცემთ. თუ ცხრა წელს ედრებით, შეედარეთ კარგს… რაც შეეხება მედიას, როდესაც მოვიდა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება “ამოირეცხა” 2012 წელს, ხალხს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ რაც ცუდი იყო და რაც შეცდომა იყო, ის გამოსწორდებოდა, ხოლო მოხდა სწორედ საპირისპიროდ. შესაბამისად, ეს ადამიანები დღეს გვეუბნებიან, რომ ეს ლპობა არ გაგრძელებულიყო და ზუსტად ეს მოხდა. მე არ ვამბობ, რომ მედია არ იყო თავისუფალი [ენმ-ის მმართველობის დროს]. დღეს საქართველოში ერთადერთი ალტერნატივა რუსთავი 2-ს ჰყავს რუსთავი 2. დღეს არის 2017 წელი, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში. რაც იყო 2012 წელს თუ ვამბობთ, ჯერ გავიხსენოთ, რა იყო კარგი…”

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე არაერთ ცნობად სახესთან ერთად, ასევე, იმყოფებოდა მწერალი დავით დეფი. მისი თქმით, “ყველაფერ ცუდს ადრე თუ გვიან ყოველთვის მოსდევს ყველაფერი კარგი და საუკეთესო. ამიტომ რუსთავი ც’რუს თავს მოაჭრის.”

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ხელისუფლება ცდილობს რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებას. როგორც უგულავა ამბობს, დღეს ძალიან ბევრი რამ დგას სასწორზე და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების აქტიურობით რუსთავი 2-ის მოქმედი გუნდი და მხარდამჭერები გაიმარჯვებენ:

“ერთი რაღაც მინდა მკაფიოდ ვთქვა: დღეს კიდევ მოდის ხელისუფლებისგან საუბარი, რომ რუსთავი 2 ცუდია და ვიღაცას გვარამია არ მოსწონს, ვიღაცას – რომელიღაც წამყვანი. ეს არ არის ტესტი. ამას ადამიანები თვითონ წყვეტენ ივანიშვილისგან ჩაურევლად. ვიღაცას თუ რაღაც მოსწონს, აიღებს პულტს და გადართავს ან რუსთავი 2-ზე ან ნებისმიერ სხვა არხზე. სახელმწიფოს ვალდებულებაა ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოს და შემდეგ უკვე ადამიანები თვითონ გააკეთებენ ამ არჩევანს. ის, რომ დღეს ამდენი ადამიანი შეიკრიბა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ საზოგადოება არ დათმობს რუსთავი 2-ს. პირდაპირი მნიშვნელობით, რუსთავი 2 არის სინონიმი ქართული დემოკრატიის და თავისუფლების 90-იანი წლებიდან. ეს არის შვილი, რომელიც საზოგადოებამ გაზარდა და ამ შვილს ივანიშვილს არ გადააბარებენ. ამიტომ აბსურდია ის, რაც აქვს განზრახული [ივანიშვილს]; მთლიანად, სასამართლოს დანგრევა აქვს განზრახული, რომლისთვისაც ეს იქნება ბოლო კუბოში ჩარჭობილი ლურსმანი ეს გადაწყვეტილება; სასამართლო საერთოდ 10 წელი წელში ვეღარ გაიმართება იმდენად სამართლებრივ აბსურდზეა ლაპარაკი და ის მოსამართლეები, რომლებიც [რუსთავი 2-ს ხალვაშს გადასცემენ], პროფესიულ სიკვდილს აწერენ ხელს,” – ამბობს უგულავა.

როგორც უგულავამ ნეტგაზეთს განუცხადა, მმართველი გუნდი იმეორებს ენმ-ის შეცდომებს იმის მაგივრად, რომ გამოასწოროს ის: “ის, რომ ხელისუფლებამ წარსულში შეცდომა დაუშვა, გონიერი და ჭკვიანი ხელისუფლება წარსულის შეცდომას გაითვალისწინებდა და დღეს აღარ დაუშვებდა ამ შეცდომას, მაგრამ გონიერება და ჭკუა არის სწორედ ის, რაც აკლია ამ ხელისუფლებას. ამიტომ არის ასეთი გამოფხიზლება და გამომაფხიზლებელი აქციები საჭირო, რომ გონს მოეგონ.”

საპროტესტო აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ათასობით ადამიანი არამხოლოდ სოციალურ ქსელშია აქტიური, არამედ ქუჩაშიც გამოვა თავისუფლი სიტყვის გადასარჩენად.

საიას იურისტის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, რუსთავი 2-ის დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკის მედია საშუალების ეთერში დატოვება მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად.

საპროტესტო აქციის პარალელურად, ტელეკომპანიამ ეთერში გადაცემების გაშვება 17 თებერვლის შემდეგ აღადგინა. “რუსთავი 2-ზე”, “კომედი არხსა” და “მარაოზე” გადაცემების 17 თებერვლის ღამის შემდეგ, აქციამდე არ გადიოდა. როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა ეს იყო პროტესტის ფორმა, რომელსაც ტელევიზიამ მიმართა. 19 თებერვალს ტელეარხის ეთერსი “კურიერი” გავიდა, რომელიც პირდაპირი ეთერით სწორედ რუსთაველის გამზირიდან დაიწყო.

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია 19.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი