ახალი ამბები

პროკურორი: უწმინდესობის ჩამობრძანების შემდეგ გამოვაქვეყნებთ მტკიცებულებებს

18 თებერვალი, 2017 • 2454
პროკურორი: უწმინდესობის ჩამობრძანების შემდეგ გამოვაქვეყნებთ მტკიცებულებებს

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში აცხადებს, რომ ისინი მტკიცებულებებს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც საქართველოს პატრიარქი დაბრუნდება. ილია მეორე თბილისში ბერლინიდან ორშაბათს ჩამოვა.

“მისი უწმინდესობის ჩამობრძანების შემდეგ დეტალურად გავაკეთებთ ინფორმაციას, სრულყოფილად და მაქსიმალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას”, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, გამოძიება დაიწყო 2 თებერვალს, ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე. ამ განცხადებაში საუბარი იყო სასულიერო პირზე, თუმცა გამოძიების მიერ გამოიკვეთა ერთი პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა. ვასაძე ამბობს, რომ ვერ იტყვის, ეს პირი არის თუ არა სასულიერო პირი.

შეკითხვაზე, იყო თუ არა პატრიარქზეც საუბარი, მთ. პროკურორის მოადგილემ უპასუხა: “მე არც დავადასტურებ და არც უარვყოფ, ეს იყო თუ არა პატრიარქი”.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ბერლინში მიფრინავდა და გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა მომწამლავი ნივთიერება – ნატრიუმის ციანიდი და ჰქონდა მომზადებული ერთ–ერთი ადამიანის მკვლელობა. დეკანოზის დაკავება პროკურატურამ 13 თებერვალს გაასაჯაროვა, თუმცა საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს დღემდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი