ახალი ამბები

დეკანოზის ექიმი: მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა, მაგრამ საჭიროა დამატებითი კვლევები

18 თებერვალი, 2017 • 2600
დეკანოზის ექიმი: მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა, მაგრამ საჭიროა დამატებითი კვლევები

ექიმ ზაზა ლაზარაშვილი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, აუცილებელი კვლევები ტარდება:

“ამჟამად მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა და გრძელდება მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მის ამნეზოლოგიას შეესაბამება”.

ექიმის თქმით, ზოგიერთი კვლევა 24 საათს გრძელდება და შესაბამისად, პაციენტი ისევ კლინიკაში დარჩება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 17 თებერვალს, 20:00 საათზე გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ ადვოკატი ინფორმირებული არ იყო. ადვოკატმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მაღალი სიცხე და წნევა ჰქონდა.


რა ვიცით აქამდე?

  • დეკანოზი გიორგი მამალაძე  მკვლელობის მომზადების ბრალდებით  პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. ამის შესახებ საჯაროდ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
  • „ნატრიუმის ციანიდი“- პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან ეს ნივთიერა ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.
  • გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას მოქალაქემ შეატყობინა ამის შესახებ. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.
  • 13 თებერვალს პროკურატურმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი