მოვლენები
დეკანოზი გიორგი მამალაძე. ფოტო: სქრინი ედო მჟავანაძის ვიდეოდან

დეკანოზი მამალაძე საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც  მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული,  დღეს  საღამოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა 17 თებერვალს, საღამოს დაუდასტურა. პრესსამსახური სხვა ინფორმაციას დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ავრცელებს პერსონალური მონაცემების საბაბით.

დღის განმავლობაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  ცნობებს ავრცელებდა მისი ადვოკატი. მისი თქმით, დეკანოზის მაღალი სიცხე და წნევა ჰქონდა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, დეკანოზი გადაყვანილია ჩაფიძის სახელობის კლინიკაში, თუმცა “ნეტგაზეთს” კლინიკაში ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.


2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით  დააკავა პროკურატურამ. ამის შესახებ საჯაროდ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს განაცხადა.

დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დააკავეს და  პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას მოქალაქემ შეატყობინა ამის შესახებ. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.

 

ავტორი