ახალი ამბები

აუდიტორია 115-მა “ბიბლუსთან” აქცია გამართა

17 თებერვალი, 2017 • 3407
აუდიტორია 115-მა “ბიბლუსთან” აქცია გამართა

თბილისში, “ბიბლუსის გალერეასთან” სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები სხვადასხვა პროფესიულ კავშირებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

როგორც აუდიტორია 115-ის წევრი, ნათია ქარჩილაძე ამბობს, მსვლელობის მიზანი ხელიუფლებისა და დამსაქმებელთათვის სამ თემაზე ხმის მიწვდენაა – მათ შორის, “ბიბლუსსა”  და “ფრესკოში” დასაქმებულთა შრომის პირობები და რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულ მუშათა საკითხია.

“სულ სამი საკითხია. ეს იყო ბიბლუსის საკითხი, როცა ადამიანებმა პროტესტი გამოთქვეს საკუთარ შრომით პირობებზე და შემდგომ ისინი გაათავისუფლეს და ასევე შრომით ექსპლუატაციაზე, რომელიც ბიბლუსში ხდება. მეორეა “ფრესკო”, სადაც ადამიანებს მაგალითად, კვირაში 60 საათის განმავლობაში ამუშავებდნენ და აჭრიდნენ ხელფასს დანაკლისების გამო, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათი ბრალი არ იყო. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ საშუალება გამოეყენებინათ დასვენების დრო, ჰქონდათ გარკვეული შეზღუდვები. ამასთან რუსთავის აზოტის ქარხნიდან თანამშრომელთა გათავისუფლება, სრულიად კანონდარღვევით” – ამბობს აუდიტორია 115-ის წევრი.

ნათია ქარჩილაძის თქმით, აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან პროცესებში ჩართვას და ქმედითი შრომის ინსპექციის მექანიზმის შექმნას ითხოვენ.

აუდიტორია 115-ის აქცია ბიბლუსთან. ფოტო: აუდიტორია 115-ის "ფეისბუქ" გვერდი.

აუდიტორია 115-ის აქცია ბიბლუსთან. ფოტო: აუდიტორია 115-ის “ფეისბუქ” გვერდი.

“ბიბლუსის” ადმინისტრაცია ყოფილი თანამშრომლების განცხადებას, რომ მძიმე და არანორმირებულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა, ზოგჯერ კი 24-საათიან რეჟიმშიც მუშაობენ, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის მხრიდან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ ხდება – სიცრუე 9 თებერვალს გაკეთებულ კომენტარში უწოდა.  ბრალდებები უარყო “ბიბლუსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ. მისი თქმით, კომპანია თანამშრომლების მნიშვნელობას სწორად იაზრებს და ცდილობს მათი სამუშაო პირობები მუდმივად გააუმჯობესოს:

“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რაღაცა არ ხდება. ზედმეტი რომ იმუშაონ, ასეთ კონკრეტულ ვალდებულებას ჩვენ არ ვაძლევთ. ისიც არის, რომ სეზონურად არის პერიოდები, როცა აქტიური სამუშაო პროცესია და იქიდან გმაომდინარე, რომ ეს სამუშაო პროცესები სრულად და კარგად წარიმართოს, თანამშრომლების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ თავისივე ინიციატივით შედარებით დიდი ხნით დარჩეს, იმუშაოს იმისთვის, რომ თავისივე გუნდს, სხვა კოლეგებს დაუდგნენ გვერდში, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ აისახება იმ ანაზღაურებაზე, რასაც ისინი იღებენ,” – თქვა გაგნიძემ.

თანამშრომელთა ბრალდებები “ფრესკომაც” უარყო. კომპანიამ წერილი გაავრცელა, სადაც ბრალდებებს სუპერმარკეტების ქსელმა ცილისწამება უწოდა და განაცხადა, რომ  „ფრესკო“ კანონის ფარგლებში ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შემოწმებისათვის და თავის საქმიანობაში ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.

რაც შეეხება რუსთავის აზოტის ქარხანას,  სს „იუ ინვესთმენთი“ , რომელმა შპს „რუსთავის აზოტის“ აქციებს ფლობს, აცხადებს, რომ კომპანიამ ქარხნის მათ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ 2000-ზე მეტ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულებები  მათი სოციალური და სახელფასო უზრუნველყოფის მიზნით გააფორმა. ქარხნის წინა მფლობელმა კი ფინანსური პრობლემებთან გამკლავება ვერ შეძლო, რის გამოც საწარმომ ფუნქციონირება შეწყვიტა. “იუ ინვესთმენთი” აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქარხანა არ ფუნქციონირებს და უწევს ურთულეს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება, კომპანიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ადასტურებს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეს.

“ამასთანავე, კომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ პრიორიტეტულად დაასაქმოს ქარხნის დანარჩენი მუშა-მოსამსახურეებიც, რომლებიც კომპანიის ინფორმაციით დღემდე ირიცხებიან ქარხნის ყოფილი მესაკუთრის თანამშრომლებად” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივი წარმომადგენელ გელა ბიჭიაშვილის თქმით, საწარმოში სულ 2300 ადამიანი მუშაობდა – 350 კი ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და საფუძვლის გარეშე გაათავისუფლეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი