ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთის აღიარებით ყველა მხარე მოგებული დარჩება” – ექსკლუზიური ინტერვიუ კან ტანიასთან

17 თებერვალი, 2017 • 4792
“აფხაზეთის აღიარებით ყველა მხარე მოგებული დარჩება” –  ექსკლუზიური ინტერვიუ კან ტანიასთან

რატომ ამბობს უარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე და რა ალტერნატივას სთავაზობს მოსახლეობას; რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე და როგორ წარმოუდგენია აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების საკითხი. ამ და სხვა თემებზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ნეტგაზეთის კითხვებს პასუხობს. ვინაიდან კითხვები მასთან წერილობით იყო გაგზავნილი, გარკვეულ პასუხებზე ჩაკითხვის საშუალება არ გვქონდა.

ბატონო კან, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ყველა სიკეთით ისარგებლებენ აფხაზები და ოსებიც. საპასუხოდ თქვენმა უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავთ, რომ ეს ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ამ შეთავაზებას თბილისის მხრიდან სატყუარა უწოდეთ. რატომ ფიქრობთ ასე? რატომ არის თქვენთვის მიუღებელი, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებმა ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით?

ჩემი აზრით, ეს ისედაც ნათელია. აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ის საქართველოსთან არანაირად არაა დაკავშირებული. მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის მოქალაქეების “ჩართვას” ყველა შესაძლო გზით ცდილობს. ეს ისტორია უკვე გამოვიარეთ ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით. თბილისის მსგავსი ნაბიჯები, აფხაზეთში დადებით გამოხმაურებას ვერ იპოვის, რამდენადაც ყველას ესმის, რომ ეს გარკვეული ჩანაფიქრით კეთდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს [ევროპასთან უვიზო მიმოსვლა] მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები კი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

თქვენი განცხადებით, უვიზო მიმოსვლასთან  დაკავშირებით მესიჯები მიიღო როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე აფხაზეთის მოსახლეობამ, თუმცა რა ალტერნატივას სთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ევროპაში მოგზაურობა რთულია, თუნდაც რუსული პასპორტის ქონის შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გამო და ამ კონტექსტში განიხილავთ თუ არა საფრთხედ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას?

აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გადაადგილების შეზღუდვას სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიერ, აფხაზეთის მოსახლეობის საერთაშორისო იზოლაციის ძალისხმევით განიცდიან. 1993 წლიდან დაწყებული დღემდე საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილება მაქსიმალურად გაურთულოს და ამავდროულად სთავაზობს ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებს, რომელიც თავისი არსით ნეიტრალური არ არის, რამდენდაც ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაიცემოდა. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების მოხიბლვას ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებით ცდილობს. არსობრივად, მიდგომებში განსხვავება არ არსებობს. მიზანი ერთია – ილუზორული რეინტეგრაცია. ჩვენ არ ვმონაწილებთ მოქალაქეების ვაჭრობაში.

თუ გაქვთ ინფორმაცია, აფხაზების რა პროცენტი ახერხებს ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას რუსული პასპორტებით?

აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობა ამავდროულად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ჩვენი მოქალაქეების გარკვეულს პროცენტს, რომელმაც თავის დროზე რუსეთის მოქალაქეობის მიღება ვერ მოასწრო, აღნიშნულ ეტაპზე საშუალება არ აქვს იმოგზაუროს იმ ქვეყნებში, რომელთაც აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი აღიარებული არ აქვთ. შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი, შესაძლოა, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის, როგორც სამგზავრო დოკუმენტის აღიარება იყოს.

რას მოიმოქმედებთ, თუკი აფხაზების ნაწილი მაინც შეეცდება ამ ბენეფიტებით სარგებლობას?  განიხილავთ ამას საფრთხედ?

აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოა და ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ქვეყნის არჩევანში თავისუფალია. საფრთხეს ვერ ვხედავთ, რამდენადაც ვიცით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გამო, ქართულის სასარგებლოდ, აფხაზეთის პასპორტებზე უარს არ იტყვიან.

აფხაზური მხარე ხშირად საუბრობს აფხაზების იზოლაციაზე ქართული პოლიტიკის გამო. ჩვენთვისაც ცნობილია მსგავსი ფაქტების შესახებ. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია ამ იზოლაციის პოლიტიკის დინამიკა და მისი ფორმები? როგორი იყო მაგალითად, 90-იან წლებში, მის შემდგომ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო და როგორია ეს პოლიტიკა 2012 წლის შემდეგ? განსხვავდება რაიმეთი ამ სამი ხელისუფლების პოლიტიკა?

აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების მიდგომებს შორის განსხვავება არ არის. პოლიტიკური ისტებლიშმენტი იცვლება, ისმის “მეგობრული” ლოზუნგები, საქმეში კი, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ იზოლაციის პოლიტიკა უცვლელი რჩება. რად ღირს მხოლოდ კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეგიონში არსებულ რეალობასთან.

ამიტომაც, ჩვენ იზოლაციის პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოში მმართველი გუნდის შეცვლის მიუხედავად, ილუზიები არ გვაქვს.

თქვენი აზრით, რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში  იზოლაციის პოლიტიკას აფხაზურ მხარისთვის?  რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას ქართული ან თუნდაც რუსული მხარეებისთვის?

იზოლაციის პოლიტიკა ცივილიზებული საზოგადოების მიერ გავლილი ეტაპია. დღეს ამ პოლიტიკის გამოყენება ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ, დემოკრატიული რეჟიმის უმწიფობისა და დროში ცვლილებების მზაობის არქონის  დემონსტრირებაა.

მსგავს პოლიტიკას ხშირად საპირისპირო შედეგები მოაქვს. აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა – აბსოლუტური ჩავარდნაა, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების ახალი ტენდენციისა – საერთაშორისო ურთიერთობების გზაზე კედლები აღმართონ და ბარიერები შექმნან.

როდესაც იზოლაციაზე ვსაუბრობთ, კითხვაც ჩნდება თვითიზოლაციაზეც. მაგალითად, ენგურზე გამშვები პუნქტების მინიმუმამდე დაყვანა, ან ვიზების შემოღება იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისთანაც ადრე უვიზო მიმოსვლა გქონდათ, ბევრმა შეაფასა, როგორც თვითიზოლაცია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? თუ არა, რატომ?  

ყველაფერი ხედვაზეა დამოკიდებული. აფხაზეთის სახელმწიფოს პოზიციიდან ეს თვითიზოლაცია კი არა, უსაფრთხოების გაძლიერება და მიგრაციული დინებების რეგულირებაა. საკმარისია, საქართველოსთან საზღვარზე აფხაზეთის სოფლებში გატაცებებისა და მკვლელობების წინა წლების სტატისტიკას შევხედოთ, ვნახავთ, რომ ახლა, როდესაც საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი გამაგრებულია და აღჭურვილია, აშკარაა, თუ რატომ დგამს აფხაზეთის ხელისუფლება მსგავს ნაბიჯებს.

ამავე დროს, აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ყველა საჭირო პირობა იქნება იმისთვის, რომ გალის რაიონის მოსახლეობამ საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთოს [ნაყიდია ავტობუსი, “ენგურის” ძირითად გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მგზავრთა გამტარუნარიანობა]. მხოლოდ ამის შემდეგ იხურება ცალკეული გამშვები პუნქტები. ამგვარად, გალის რაიონის მცხოვრებთა რაიმე იზოლაციაზე საუბარი არც გვიწევს.

როგორც ვიცით, თქვენი უწყება ბევრს მუშაობს სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. რა არის ყველაზე დიდი წარმატება რასაც ბოლო წლებში მიაღწიეთ საერთაშორისო აქტივობების კუთხით და რა არის თქვენი უწყების პოლიტიკის მაქსიმუმი მაგალითად, უახლოეს ერთ წელიწადში?

დიახ, ნამდვილად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი კონტაქტების დამყარებაა იმ ქვეყნებთან, რომელთაც აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარებული არ აქვთ. სამწუხაროდ, არ შემიძლია ამ სფეროში არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ, რამდენადაც, ამ მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება მანიაკალურად გვითვალთვალებს და ჩვენ მიერ დამყარებული კონტაქტების გაუქმებას ცდილობს. თუმცა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობას და ეჭვი არ გვეპარებაში იმაში, რომ მომავალში აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური აღიარება მოხდება. ამას დრო სჭირდება და არც ჩვენ გვეჩქარება.

კან ტანია; ფოტო: abkhaznews.ru

კან ტანია; ფოტო: abkhaznews.ru

თქვენ მონაწილეობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ბევრჯერ გვსმენია კონფლიქტის მხარეებისგან, რომ ამ მოედნის ძირითადი ეფექტი იმაშია, რომ ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც მხარეები საუბრობენ. [თუ არ ჩავთვლით, იმპრ-ის [ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი] აღდგენილ შეხვედრებს]. თუმცა, გადის წლები და ვხედავთ, რომ მხარეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აზრი ეკარგება. ჯერჯერობით, ყველაზე ხელშესახები პროგრესი ჰუმანიტარული ტიპის გარკვეულ საკითხებში არსებობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი სახით დისკუსიები ჩიხშია შესული და უნდა გადაიხედოს? ან თქვენ სად ხედავთ გამოსავალს შექმნილ სიტუაციაში?

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ნამდვილად სასარგებლო ფორმატია, რომელიც რეგიონში, მხარეების მიერ მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმისგან გვიცავს და ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. მოლაპარაკებები ბევრ დროს მოითხოვს, ეს არ არის ვაჭრობა, სადაც სწრაფი შედეგი შეგიძლია მიიღო. ეს არის ხანგრძლივი და ძალიან დელიკატური პროცესი, რომელიც ყველა მხრიდან გაგებას მოითხოვს.

თუნდაც უმცირესი რეზულტატი და თუნდაც ჰუმანიტარულ სფეროში, უკეთესია, ვიდრე ომი. მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურ დონეზე, მსხვილი პოლიტიკური აქტორების შუამდგომლობით დიალოგი გრძელდება.

მოლაპარაკებები აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს – იურიდიულად გაფორმებულ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთსა და საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. მაგრამ ამისთვის დიდი დრო იქნება საჭირო. მოთმინებით უნდა ავივსოთ და დიპლომატებს საქმის კეთების საშუალება მივცეთ.

უკვე ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხშირად აცხადებდა, რომ  სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგია ის, რომ ბოლო წლებში კონფლიქტი არ გამწვავებულა. “სამშვიდობო პოლიტიკის” გაგრძელების სტრატეგია აქვს ახალ მინისტრსაც. თქვენ როგორ აფასებთ ამას?

მაპატიეთ, მაგრამ, როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს 1992-93 და 2008 წლების ომების შემდეგ? “საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა”, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, ეს არ არის საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის გადაწყვეტილება, ეს არის რეგიონში გეოპოლიტიკური კონფიგურაციის შედეგი. დიალოგისა და აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის მშვიდობიანი შეთანხმების ალტერნატივა, ჩემი აზრით, არ არსებობს.

წლები გადის და  საქართველო კვლავაც არ  აპირებს აფხაზეთის აღიარებას, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება. ამ ფონზე, როგორ ხედავთ აფხაზეთის მომავალს? მის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს  პერსპექტივას?

აფხაზეთის რესპუბლიკა სტატუსის თვალსაზრისით, აღიარებული სახელმწიფოა, თუმცა, საერთაშორისო დონეზე უნივერსალური აღიარება გვაკლია. მაგალითად, კოსოვო და პალესტინა – არცერთს არ უჩნდება ეჭვი მათი სახელმწიფოებრიობის პერსპექტივაში, და ასევე, არავის ეპარება ეჭვი აფხაზეთის სახელმწიფოს ნათელ მომავალში.

საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მოსახლეობამ, საჭიროა გაბედოს, არსებული პოლიტიკური რეალიები მიიღოს და საბოლოოდ, აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აღიაროს. ამით ყველა მხარე მოგებული დარჩება და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება ბევრად გაიზრდება.

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი