ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა ირაკლი შოთაძის გადასაყენებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

17 თებერვალი, 2017 • 6091
საპარლამენტო უმცირესობა ირაკლი შოთაძის გადასაყენებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადასაყენებლად ხელმწოერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს, 17 თებერვალს გამართუ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, ე.წ. “ციანიდის საქმის” გამო ირაკლი შოთაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

” უმაღლესი პოლიტიკური რანგის პირებმა, ვისაც ეს ეხება,  აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.  როცა საკითხი შეეხება ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტს, ქართულ ეკლესიას, როცა საკითხი შეეხება ყველაზე პატივსაცემ და საყვარელ ადამიანს, პატრიარქს, თუ ასეთ შემთხვევაშიც არ დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ რომ ჩვენ სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ.  სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ საქართველოს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც იმ ადამიანის, ვისმა გაუაზრებელმა განცხადებებმა გამოიწვია პოლიტიკური განცხადებების მთელი კასკადი, რამაც ქვეყანა გაუგებრობაში შეიყვანა.”

დეპუტატის განცხადებით,  უმცირესობა ორშაბათიდან დაიწყებს  შესაბამის პროცედურებს.

“მთავარი პროკურორის გადაწყენების მოთხოვნით დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და პარლამენტის არა მარტო ოპოზიციურ წევრებს მივმართავთ, არამედ უმრავლესობის იმ წევრებსაც, ვისთვისაც საღი აზრი, ქართული სახელმწიფო, ქართული ეკლესიის ავტორიტეტი უფრო წინ დგას, ვიდრე ქართული ოცნების პარტიული ლიდერები. “

დავით ბაქრაძის თქმით, მოსახლეობის დაზაფვრაზე განმარტებების გაკეთების და ელემენტალური ბოდიშის მოხდნის ნაცვლად, ხელისუფლებამ  საზოგადოებას იქეთ დაარიგა ჭკუა:

“რომ თითქოს ჩვენ ვერ გავიგეთ ხელისუფლების. დღეს იკვეთება სერიოზული კითხვის ნიშნები დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე, დაკავების მოტივსა და კანონიერებაზე; ჩვენ მასზე მოვისმინეთ მისი უწმინდესობის განცხადება, მოვისმინეთ საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრების განცხადებები. ამიტომ ჩვენს საზოგადეობაში არსებობს ძალიან მძიმე და ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები, თუ რას ემსხურებოდა ხელისუფლების ამგვარი ქმდება,” –  განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან პატრიარქის სახელით სპელკულირებამ ქვეყანაში ემოციური შოკი გამოიწვია.

დავით ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობას აქამდე არ გამოუყენებია საპროკურორო საბჭოში მათთვის განსაზღვრული კვოტა, ახლა კი გამოიყენებს:

“ამ კვოტას არ ვიყენებდით, რადგან ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებდით, მაგრამ მომავალ კვირას მოვითხოვთ ჩვენი წარმომადგენლის საპროკურორო საბჭოში შეყვანას იმისთვის, რომ მან დააყენოს ერთადერთი საკითხი, მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნა. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს.”

_________________________________________________________________________________________________

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ 13 თებერვალს  განცხადებაში.

14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.

16 თებერვალს  საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალში არ ფიგურირებს პატრიარქის მკვლელობის მომზადება.

“არ იგულისხმება პატრიარქი ბრალში, დადასტურებით გეუბნებით. მთავარი პროკურორი თავის ბრიფინგზე ამბობს, რომ ეს არ არის პატრიარქი,”- განუცხადა ნეტგაზეთს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა.

თუმცა, სწორედ პროკურატურის განცხადების შემდეგ საქარველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რაც მიუთითებდა, რომ პროკურატურა საუბრობდა პატრიარქზე.  პრემიერმა პროკურატურის განცხადების შემდეგ განაცხადა, რომ  “აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი