ახალი ამბები

მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, ის ეჭვობს, რომ “KGB-შნიკური ინტრიგა” ნაწილობრივ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული

17 თებერვალი, 2017 • 16362
მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, ის ეჭვობს, რომ “KGB-შნიკური ინტრიგა” ნაწილობრივ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული

“მე ვამბობ, რომ მამა გიორგი [მამალაძე] არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ეს არის KGB-შნიკური დახვეწილი, მზაკვრული ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა შარში. ჩემი ეჭვია, რომ ეს ნაწილობრივ მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ”, – ეს განცხადება მიტროპოლიტმა პეტრემ 17 თებერვალს გააკეთა, მას შემდეგ, რაც მატროსოვის ციხეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძე მოინახულა.

“მეუფე იაკობზე ვთქვი, რომ პატრიოტი ადამიანია მაგრამ ის ასევეა ამ ინტრიგის შემადგენელი ნაწილი უნებლიეთ”, – თქვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ.

“ჩემი ეჭვები და პროგნოზები თითქმის გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. მიმაჩნია, რომ ძალიან მალე უნდა გამოვიდეს მამა გიორგი [საპატიმროდან], პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე უნდა დატოვოს საპყრობილე. მე პირადად მზად ვარ, რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლო იმისათვის, რომ ეს ადამიანი, როგორც უდანაშაულო, იქნეს დაცული.

ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ: როგორ შეიძლება გაკეთდეს განცხადება და საერთო პრესკონფერენციის გაკეთება მოგვიწევს”, – თქვა მიტროპოლიტმა პეტრემ და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი, რომელსაც იგი ჩრდილოვან მმართველობაში ადანაშაულებს.


საქართველოს მთავრი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე  10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით  დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რითაც “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” უნდა მოეხდინა. ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელი მაღალი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა. პატრიარქი ილია მეორე 2 თებერვლიდან გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი