ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

პრეზიდენტის შეწყალების აქტს შესაძლოა კონტრასიგნაცია დასჭირდეს – დისკუსია კომისიის სხდომაზე

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის  პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები მთავრობის ფორმირებისა და პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებს განიხილავენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა გაგრძელდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხზეც. მისი თქმით, გუშინ, 17 თებერვალს  იმ საკითხების შემცირებაზე იყო საუბარი, რაზეც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია არ სჭირდება, მათ შორის, საუბარია შეწყალების უფლებაზე:

“ეს კომისიის ერთ-ერთი წევრის ინიციატივა იყო, რამაც სხვა წევრების წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა მაშინ, როცა მეორე ეტაპზე კონკრეტული ფორმულირებები გამოვა კენჭისყრაზე. კონტრასიგნაციის თემას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მომხრე,” – აღნიშნავს გოცირიძე.

კონსტიტუციის 73-ე მუხლი იმ საკითხებს განსაზღვრავს, რომლებზეც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია არ სჭირდება. გიორგი გოცირიძის თქმით,  ერთ-ერთმა ექსპერტმა კომისიას ამ მუხლის ისეთი ფორმულირება შესთავაზა, რომელშიც შეწყალების უფლება არ იყო გათვალისიწნებული.

კომისიის კიდევ ერთი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართულ დასუსტებას ცდილობენ.

“კონტრასიგნაციის საკითხი ძალიან ბევრ თემას ეხება. შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და ის უნდა დარჩეს პრეზიდენტს ყოველგვარი კონტრასიგნაციის გარეშე. ძალიან ცხარე დისკუსია მიმდინარეობს. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მიზანმიმართული პროცესი მიმდინარეობს.”

პარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ კომისიის სხდომაზე ამ თემაზე ისაუბრეს, თუმცა მისი თქმით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილებაა მიღებული:

“ახლა გროვდება ვერსიები. შეიძლება, ყველა ტიპის ვერსიაზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ვიღებთ. როდესაც ვერსიაზე შვჯერდებით, შემდეგ შეიძლებ აიმ ვერსიის ან მიღება, ან გაკრიტიკება. ყველა მუხლთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ჩვენ შეგვიძლია ასობით ვერსიაზე ვილაპარაკოთ და ეს წყლის ნაყვაა, სერიოზული საუბარი არ არის.”

 

ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.