ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის საქმის მტკიცებულებების ნაწილზე გამოძიებამ საპატრიარქოს წვდომა მისცა – მიტროპოლიტი ანდრია

17 თებერვალი, 2017 • 2608
დეკანოზ მამალაძის საქმის მტკიცებულებების ნაწილზე გამოძიებამ საპატრიარქოს წვდომა მისცა – მიტროპოლიტი ანდრია

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ საპატრიარქოს მტკიცებულებების ნაწილზე წვდომა მისცა. როგორც მიტროპოლიტმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, საპატრიარქოში შექმნილია ჯგუფი, რომელიც პროკურატურის მასალების ნაწილს გაეცნო და ამის შესახებ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილია მეორესაც მოახსენებს. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი პროკურატურასთან ცდილობს, თუმცა ჯერ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

“უპირველეს ყოვლისა მინდა საზოგადოებას მოვუბოდიშო იმის გამო, რომ ამ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს, ეკლესიის, სასულიერო პირების გამო ასეთი დიდი ვნებათაღელვა არსებობს. ეკლესია პირიქით სიმშვიდის ადგილი და წყაროა. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე გაირკვევა, დალაგდება და სიმართლე აუცილებლად გამოჩნდება”, – თქვა მიტროპოლიტმა ანდრიამ, რომელმაც ბრალდებული დეკანოზი მატროსოვის ციხეში გუშინ მოინხაულა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა უთხრა მას დეკანოზმა მამალაძე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ნამდვილად ის ნივთიერება, რომელსაც პროკურატურა ედავება, ანდრიამ ასე უპასუხა:

“ამის თაობაზე მე თქვენ ვერ გეტყვით. მამაო გამოძიების წინაშე უარყოფს ამ ნივთიერების კავშირს მასთან. მე შეზღუდული ვარ სასულიერო პირის უფლებამოსილებით ანუ მე არ მაქვს უფლება, რომ აღსარების საიდუმლო გავცე. [აღსარებას] მე არ მაბარებდა, მაგრამ [გუშინ] ჩვენი საუბარი მისი აღსარებით დაიწყო. მე ასევე შეზღუდული ვარ საგამოძიებო უწყების წინაშე ვალდებულებითაც. საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურასთან ურთიერთობს. პროკურატურამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ნაწილობრივ გავეცნოთ იმ მასალას, რომელიც მას გაანჩია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყოველივეს მოვახსენებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როდესაც ის ჩამობრძანდება.  რაც შეეხება საგამძიებო ორგანოების დამოკიდებულებას, მე მწამს, რომ სრული კეთილსინდისიერებით წარიმართება [პროცესი] და ის საკითხები, რომელიც გარკვევას საჭიროებს, გაირკვევა. პირადად ჩემს პოზიციასაც გეტყვით: მე საერთოდ ჯერ სასულიერო პირისაგან ამგვარი ქმედების დაჯერება ძალიან მიჭირს როგორც სასულიერო პირს და კონკრეტულად მამა გიორგის შემთხვევაში, მიჭირს იმის დაჯერება, რომ მას ჰქონდა რაიმე ბოროტი განზრახვა კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ”, – თქვა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

ჟურნალისტის კითხვას, ის ხომ იცნობს მტკიცებულებების ნაწილს და მაინც უჭირს ამის დაჯერება?

“პროკურატურამ ჩვენ  ნაწილი გაგვაცნო იმ მასალისა, რომლის საფუძველზეც იქნა  დაკავებული მამა გიორგი”.

კითხვას, არის თუ არა ეს მისთვის უტყუარი მტკიცებულებები, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა პასუხობს:

“შეეძლოთ თუ არა დაკავება ამ მტკიცებულებების საფუძველზე? მე იურისტი არ ვარ და იურიდიულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ გეტყვით, რომ მასალა, რომელიც არის პროკურატურის ხელში, იძლევა საფუძველს, რომ… არ ვიცი დააკავო თუ არა, მაგრამ ყოველშემთხვევაში ალბათ ადამიანი რომ დაიკითხოს, ამის საფუძველს მე პირადად ვთვლი, რომ იძლევა”, – თქვა მან.

გადაცემა “პრიორიტეტებში” მას ასევე ჰკითხე, ხომ არ ფლობს ინფორმაციას რა მიზნით მიდიოდა დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში, რაზეც სასულიერო პირმა უპასუხა, რომ მამალაძე აპირებდა ილია მეორესთან და მის უშუალო მღვდელმთავარ მიტროპოლიტ დიმიტრისთან ჩასვლას. დეკანოზი მამალაძე სწორედ იმ ეპარქიის მღვდელმსახურია, რომელსაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს.


საქართველოს მთავრი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე  10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით  დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რითაც “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” უნდა მოეხდინა. ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელი მაღალი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა. პატრიარქი ილია მეორე 2 თებერვლიდან გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი