ახალი ამბები

ილია მეორე: მამა გიორგისგან კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს

16 თებერვალი, 2017 • 2172
ილია მეორე: მამა გიორგისგან კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, იგი იცნობს ამჟამად პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს.

პატრიარქი ამჟამად ბერლინში იმყოფება სამკურნალოდ. ვიდეომიმართვა ფეისბუკის გვერდზე “ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია” გავრცელდა.

“სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთვარდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან,”- აცხადებს ილია მეორე.

მიმართვის მეორე ნაწილში პატრიარქი ამბობს, რომ 3 დღეში საქართველოში ჩამოვა და იმედი აქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება.

“ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება,”- ამბობს პატრიარქი.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებევრვალს გაემგზავრა. ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარეს. როგორც ექიმები ამბობენ, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

13 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ  “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადების მიზნით დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე. მათივე თქმით, გიორგი მამალაძე ბერლინში მიდიოდა, როდესაც დააკავეს და მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი აღმოუჩინეს. პროკურატურის განცხადებებიდან არ არის ნათელი, კონკრეტულად ვის მკვლელობას ამზადებდა მამალაძე.

პრემიერმა 13 თებერვალსვე განაცხადა, რომ ეს გამოძიება პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. მისი თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღკვეთეს და რომ მისი დაცვის წევრები ჩავიდნენ ბერლინში, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი