ახალი ამბები

პროკურატურა: ჯერ არ ვაკონკრეტებთ, ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ მამალაძეს

16 თებერვალი, 2017 • 6933
პროკურატურა: ჯერ არ ვაკონკრეტებთ, ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ მამალაძეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და დღეს, 16 თებერვალს გავრცელებული ინფორმაცია, პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაა.

“გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს. ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს აცნობიერებს, თუმცა შესაძლო მსხვერპლთა ვინაობის შესახებ ან ვერსიებზე, რომლებზეც გამოძიება მუშაობს, ხსენებული ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. შესაბამისად გთხოვთ იხელმძღვანელოთ პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით, წერია განცხადებაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ჩატარებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები, რომლებზეც დანიშნულია სათანადო ექსპერტიზა.

დღეს, 16 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, არ გეგმავდა პატრიარქის მკვლელობას. 13 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ დეკანოზი დააკავეს მაღალი საეკლესიო იერარქის მკვლელობის მომზადების ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი