ახალი ამბები

ბაქრაძე: დეკანოზ მამალაძის საქმეზე პროკურატურამ ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვოს

16 თებერვალი, 2017 • 17356
ბაქრაძე: დეკანოზ მამალაძის საქმეზე პროკურატურამ ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვოს

საქართველოს პარლამენტისა და პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, რომლიც შეეხება დეკანოზ დავით მამალაძის დაკავების საქმეს.

“ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია. მოვითხოვთ გასაჯაროვდეს ყველა ის ინფორმაცია, მათ შორის ის ჩანაწერები, რომლებზეც აპელირებდა პროკურატურა მოიხსნას გრიფით საიდუმლო და ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს რასთან გვქონდა საქმე. რატომ დაზაფრეს იმ გაუგონარი დეზინფორმაციული ჭორით, რომელიც დღეს ასე უტიფრად და სამარცხვინოდ დაასრულა პროკურატურა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, დღეს 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასე გამოეხმაურა დავით ბაქრაძე პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 10 თებერვალს დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი სამღვდელო იერარქის მკვლელობის მომზადების ბრალდებით არაა დაკავებული.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 5 დღეა მოქალაქეები “დაზაფრული” ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად დაცულია ილია მეორის უსაფრთხოება, იმ ფონზე, როდესაც პრემიერმინისტრის, ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრისა და უმრავლესობის წევრებისგან ყველა საუბრობდა ეკლესიის მიმართ დარტყმაზე, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ილია მეორეზე რაიმე ტიპის ტერორისტული აქტი, შეტევა ან მოწამვლის მცდელობა არც იგეგმებოდა.

დავით ბაქარაძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს: 1. პროკურატურამ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება, და არ მიაწოდა მათ ინფორმაცია რა გამოძიება იყო და რაზე უნდა ესაუბრათ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, ან 2. ამ თემის გამოყენებით და პატრიარქის სახელის სპეკულირებით, მათ სურდათ შეექმნათ ტალღა რომელიც გადაფარავდა ქვეყანაში სხვა თემებს და გახსნიდა იმ კონფრონტაციულ დისკუსიას, რომელიც მიმდინარეობს ამ დღეებში საპატრიარქოს გარშემო.

მასალების გადაბეჭდვის წესი