ახალი ამბები

ანზორ ჩუბინიძის თქმით, ბერლინში პატრიარქთან დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩავიდა

16 თებერვალი, 2017 • 10723
ანზორ ჩუბინიძის თქმით, ბერლინში პატრიარქთან დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩავიდა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არანაირი გარანტია არსებობდა იმის, რომ პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა და სწორედ პრევენციის მიზნით ჩავიდა გერმანიაში. ამის შესახებ ჩბინიძემ ბერლინში “რუსთავი 2″–ს განუცხადა.

“თავისთავად, ფაქტი, რომ ადამიანი დაკავებულია არაკანონიერი მომწამვლელი საშუალებით, რომელიც აპირებს გამოემგზავროს გერმანიაში, ეს თავისთავად იყო სიგნალი და ჩვენ ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ჩემი სახით, ეს იყო სუფთად პრევენციული ღონისძიება – ჩამოვსულიყავი და მაქსიმალურად უსაფრთხო, კომფორტული გარემო შემექმნა,” – ამბობს გენერალ-მაიორი.

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პატრიარქის მკვლელობაზე არ ყოფილა საუბარი, ანზორ ჩბინიძე აცხადებს:

“მოდით, პროკურატურას დაველოდოთ და პროკურატურამ განმარტოს. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეშვა თუნდაც მინიმალური შანსი ამის; იყო თუ არა [პატრიარქის მკვლელობა დაგეგმილი], ამის არანაირი გარანტია მქონდა მაშინ. არ მქონდა გარანტია, რომ არ იქნებოდა.”

დღეს, 16 თებერვალს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში მოინახულა. პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარეს ბერლინის საავადმყოფოში, როგორც ექიმები ამბობენ, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პრემიერმა ილია მეორის მონახულება 13 თებერვალს დაანონსა, როდესაც გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეს, რომელსაც ბრალად მკვლელობის მომზადება ედება. თავდაპირველად, პროკურატურამ განაცხადა, რომ დეკანოზი მაღალი სამღვდელო პირის მკვლელობას გეგმავდა და ბერლინში მიემგზავრებოდა, რა დროსაც იგი თბილისის აეროპორტში დააკავეს. პრემიერმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ეს გამოძიება პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. მისი თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღკვეთეს და რომ მისი დაცვის წევრები ჩავიდნენ ბერლინში, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი