ახალი ამბები

გვარამია არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი გამოძიება დაიწყოს

16 თებერვალი, 2017 • 1707
გვარამია არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი გამოძიება დაიწყოს

დაკითხვიდან გამოსული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის კითხვებიდან გამომდინარე არ გამორიცხავს მის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყოს, რაზეც პროკურატურა აცხადებს, რომ წინასწარ ვერ ამბობს რა იქნება.

გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურა დაინტერესდა არა ჩანაწერის უკანონოდ მოპოვების საკითხით, არამედ  ჩანაწერის საუბრის შინაარსთან დაკავშირებით.

,,გამოძიება  ცდილობდა შინაარსის გარკვევას. რა ვისაუბრე, რატომ ვისაუბრე, ასე შემდეგ. გამოძიებას ავიწყდება, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე, ეს გამოძიება მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებაზე ინფორმაციის და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე. ჩვენი განმარტება იყო შემდეგი, კითხვები უნდა შეეხებოდეს გამოძიებას და თუ კითხვები სცდება გამოძიების ინტერესებს, ამ კითხვების პასუხისგან თავს შევიკავებ,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, მთელ რიგ შემთხვევებში გამოძიების კითხვებს უპასუხა. გვარამია ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი და იგი არ ასახავს იმ საუბარს, რომელიც შედგა სამ პირს შორის.

გვარამია ამბობს, რომ მან არ დაასახელა მესამე პიროვნება, რომელიც ამ საუბარში მონაწილეობდა, იმ მოტივით, რომ იგი წყაროს გაამჟღავნებდა.

,,დამრჩა შთაბეჭდილება იმისი რაც რეალურად ხდება, შესაძლებლობა იმისი რომ აღძრან ჩემს წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე ქრთამის ნაწილით რაც შეუძლებელია”, – ამბობს გვარამია.

გვარამია აცხადებს, რომ ამ ჩანაწერიდანაც არ ჩნდება იმის თქმის შესაძლებლობა, რომ დამტკიცდეს ქრთამის აღების შესაძლებლობა. მისი თქმით, ჩანაწერი, რომელიც მან გააკეთა დაახლოებით ერთი წლის წინ წაშალა და რადგან მას არავითარი ინფორმაციული ღირებულება არ ჰქონდა.

პროკურორი მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა საუბრის შინაარსთან დაკავშირებითაც და ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებითაც.

,,შეკითხვები ეხებოდა შინაარსობრივსაც, თუმცა შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის შესაძლებლობას და კერძო საუბრის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას”, – განაცხადა პროკურორმა.

გოგორელიანი ამბობს, რომ ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჩაწერილი საუბრის აუთენტურობა დადასტურდა და არ არის დამონტაჟებული.

რაც შეეხება შეკითხვას, შეიძლება თუ არა ამ საქმეზე კიდევ ახალი გამოძიება დაიწყოს, რასაც ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, გოგორელიანი პასუხობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზუსტად ვერაფერს იტყვის, თუმცა გამორიცხული არაფერია.

დღეს, 16 თებერვალს, ნიკა გვარამია პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს, დაკითხვა დახურული იყო,

“რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაკითხად მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც შსს–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით. სასამართლომ დღეს სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკამყოფილა, რათა ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს.

საქმე შეეხება ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს, რომლის ნამდვილობა ექსპერტიზამ დადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი