ახალი ამბები

ნადირაშვილი: ხელისუფლება ცდილობდა ხალხს დაეჯერებინა, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა

16 თებერვალი, 2017 • 2500
ნადირაშვილი: ხელისუფლება ცდილობდა ხალხს დაეჯერებინა, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პროკურატურა, საპარლამენტო უმრავლესობა და აღმარულებელი ხელისუფლება  ცდილობდა, ხალხს დაეჯერებინა, რომ ქვეყანაში პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, დღეს  პროკურატურისგან ვისმენთ უტიფარ განცხადებას, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ საერთოდ, არცერთ  სასულიერო პირზე იგეგმებოდა თავდასხმა. უმცირესობას პროკურატურასა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხები აქვს:

“რატომ ჩააგდეთ მთელი მოსახლეობა შოკში? რატომ გინდოდათ გვეფიქრა, რომ პატრიარქის მკვლეობა მზადდებოდა? რისი გადაფარვა გინდოდათ, ან რატომ ჩაერიეთ ასე უხეშად ეკლესიის საქმიანობაში? დღემდე რატომ არ ქვეყნებთ ჩანაწერებს, რომლებიც, როგორც აცხადებთ გაქვთ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ძალიან ბინძური გეგმა, არ ვიცი რისთვის იყენებენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს პროკურატურას არანაირი ნდობა აქვს, მისი კრედიტი არის ამოწურული, ისინი დაკავებული არიან ასეთი საზიზღარი საქმეების შექმნით და პოლიტიკური დაკვეთების განხორციელებით.”

დეპუტატის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის  წევრებმა და პირველ რიგში, პროკურატურამ,  პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ასეთი განცხადებების გავრცელების გამო.

დღეს, 16 თებერვალს  საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალში არ ფიგურირებს პატრიარქის მკვლელობის მომზადება.

“არ იგულისხმება პატრიარქი ბრალში, დადასტურებით გეუბნებით. მთავარი პროკურორი თავის ბრიფინგზე ამბობს, რომ ეს არ არის პატრიარქი,”- განუცხადა ნეტგაზეთს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა.

თუმცა, სწორედ პროკურატურის განცხადების შემდეგ საქარველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რაც მიუთითებდა, რომ პროკურატურა საუბრობდა პატრიარქზე.  პრემიერმა პროკურატურის განცხადების შემდეგ განაცხადა, რომ  “აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა”.

13 თებერვალს ირაკლი შოთაძემ გამართა ბრიფინგი, სადაც, განაცხადა, რომ განმცხადებლის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.

“როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე,”- ვკითხულობთ პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.

ამ ბრიფინგზე შოთაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა:

ჟურნალისტი: თქვენ აცხადებთ, რომ გაქვთ უტყუარი მტკიცებულებები, რომ პატრიარქის წინააღმდეგ მზადდებოდა ეს?

შოთაძის პასუხი: ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ვამბობთ, რომ ერთ-ერთი პირის მიმართ მზადდებოდა მკვლელობა. ამ მტკიცებულებებით რაც დასტურდება. გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, საქმია სპეციფიკიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი, კონკეტულ პიროვნებებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის. უსაფრთხოების ზომები ზორციელდება, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება და ამან შეიძლება საგამოძიებო ინტერესები დააზიანოს.”

ჟურნალისტების კიდევ ერთი შეკითხვა ეხებოდა პატრიარქის შესაძლო მოწამვლას. აქაც, შოთაძეს გადაჭრით არ უარუყვია, რომ ბრალი არ ეხებოდა პატრიარქის მოწამვლის მომზადებას:

ჟურნალისტი: ეს პირველი შემთხვევა არის, როცა პატრიარქის მოწამვლა იგეგმება, თუ სხვა შემთხვევებიც იყო წლების განმავლობაში?

შოთაძის პასუხი: მე მგონი, არ მითქვამს ამ შემთხვევაში პატრიარქის მოწამვლაზე. მე ვისაუბრე იმ ინფორმაციაზე, იმ მტკიცებულებებზე, იმ ბრალეულობაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. შემიძლია გითხრათ, რომ სხვა სისხლის სამართლის მსგავსი საქმე აქამდე პროკურაყურაში არ ყოფილა და არ გამოძიებულა”.

თუ არ იგულისხმება პატრიარქი, მაშინ ვისი მკვლელობა მზადდებოდა, პროკურატურის პრესსამსახურში არ საუბრობენ:

“სხვა ინფორმაცია, ვინ იგულისხმება, მე არ მაქვს. პატრიარქი რომ არ იგულისხმება, ამას გეუბნებით,”- განუცხადა ნეტგაზეთს ნათია სუხიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი