ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობს

16 თებერვალი, 2017 • 1803
საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობს

თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. სხვა საკითხებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს, თუ პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის საპარლამენტო რესპუბლიკის მტკიცე მოდელს ემხრობა:

“არის საპარლამენტო მოდელები, სადაც პრეზიდენტი ხალხის მიერ აირჩევა და არის მოდელები, სადაც პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. მე ვემხრობი საპარლამენტი რესპუბლიკის მტკიცე მოდელს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ გვიმსჯელია. ”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, როცა ყველა ინსტიტუტს ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინსტიტუტების შენარჩუნება:

“ამ ქვეყნის დემორკატიისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. პირველ რიგში, ამ დამოუკიდებლობაში იგულისხმება არჩევითობა. ასევე, იგულსიხმება კონკრეტული ფუნქციები, მათ შორის მთავარსარდლის ფუნქცია, საგარეო საკითხებსი ფუნქცია, სხვადასხვა სასამართლოებში კანდიდატების წარდგენის ფუნქცია და ა.შ.”

პრეზიდენტის არჩევის წესზე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის”.

“სარეიტინგო კენჭისყრა იმის დანახვის საშუალებას მოგვცემს, კომისიის წევრებიდან ვინ ემხრობა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესს და ვინ დანიშვნას. სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დაგვეთანხმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება იმ წევრთა მხილება, რომლებიც ამას არ დაეთანხმებიან,” – ამბობს ნიკა მაჭუტაძე.

მისივე ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება იმაზე, რომ პრეზიდენტს მთავარსარდლის სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილებები არ ჰქონდეს:

“განხილვა არ დასრულებულა, თუმცა აშკარად არის იმის ტენდეცია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დასუსტდეს. ეს ინიციატივა დააყენა ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომლებიც ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან იმ ძალებთან, რომლებსაც პრეზიდენტის არჩევის წესის გაუქმება სურთ.”

ეკა ბესელიას განცხადებით, ეს საკითხი წინა სხდომაზე დაისვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ ინიციატივას არ დათანხმებიან.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი