ახალი ამბები

ბესელია: რესპუბლიკელების ინიციატივა ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ერთი ფრაგმენტია

16 თებერვალი, 2017 • 2030
ბესელია: რესპუბლიკელების ინიციატივა ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ერთი ფრაგმენტია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მხარს არ უჭერს “რესპუბლიკური პარტისის”ინიციატივას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ერთი ფრაგმენტია:

“მე მგონია, რომ ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ერთი ფრაგმენტი, რომელიც ამ ფორმით არის შეფუთული. ანალოგიური სარჩელი განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და როდესაც სარჩელი იხილება, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ასეთი კამპანიის წამოწყება, მგონია, რომ ამ პროცესზე ზეწოლაა. მე ასეთ მოთხოვნას მხარს არ ვუჭერ. მიმაჩნია, რომ კონკორდატი და კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას ამ განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს,” – აღნიშნავს ბესელია.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ 15 თბერვალს  გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უნდა შეწყდეს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსება და უნდა შეწყდეს ერთმანეთის საქმიანობაში ურთიერთჩარევა.

“ამ პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ამ ურთიერთსარგებელზე, ხშირად ურთიერთშანტაჟზე – თანამშრომლურ-კონკურენტულ რეჟიმში ურთიერთობის შედეგად, მივედით დღევანდელ კრიზისამდე, სადაც გვესმის ყველა ჩარჩოდან გასული ტერმინოლოგია სასულიერო პირებიდან. ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

6 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 23 თვის შემდეგ, არსებითად განსახილველად მიიღო  „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და „სახარების რწმენის ეკლესიის“  სარჩელი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი რელიგიურმა დენომინაციებმა 2015 წლის 11 მარტს შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი