ახალი ამბები

საქართველოში ბავშვების 60% თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშაა – ომბუდსმენის რეკომენდაციები

15 თებერვალი, 2017 • 6823
საქართველოში ბავშვების 60% თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშაა – ომბუდსმენის რეკომენდაციები

კვლევების თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%–ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან 11 წლამდე ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშაა, – ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში დღეს, 15 თებერვალს, წარუდგინა.

ბავშვი და სიგარეტი © PA

ბავშვი და სიგარეტი © PA

“საკითხის შესახებ არსებული კვლევების თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%–ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო თუ საზოგადოებრივი თავშეყრის დახურული ტიპის ადგილებში მოწევა მიჩნეულია ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროდ, მოქმედი ნორმები ვერ უზრუნველყოფს თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს,” – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მე–10 კლასლებიდან რეგულარულად 12% ეწევა სიგარეტს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ სიგარეტის შოვნა ადვილი ან ძალიან ადვილია, ხოლო ზდასრული მოსახლეობის 30,6% მწეველია.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, არ არსებობს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა:

“ასევე, არ არსებობს ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციასა და რეკლამირებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც სახალხო დამცველის აზრით, დროულად უნდა იქნეს შემოღებული. ამავდროულად, საჭიროა მოქმედი რეგულაციების ეფექტური აღსრულება.”

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამართალდარღვევათა უმრავლესობა გამოვლენილია 2013 წლის მაის–ივნისსა და 2014 წლის პირველ კვარტალში, ხოლო 2015 წელს თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი: “ასევე, თვალშისაცემია თამბაქოს კონტროლის სფეროში მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა.”

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა თამბაქოს კონტროლის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებზე, ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზებზე, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების არაეფექტურობაზე, მოზარდ თაობაში თამბაქოს პროდუქციის რეკლამირებითა და თამბაქოს პროდუქციის მოხმარებით გამოწვეული საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე.

“მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონებში შეტანილ უნდა იქნას ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას დაწესებულებების დახურულ შენობებში. ასევე, საკანონმდებლო დონეზე უნდა გამარტივდეს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევის ადმინისტრირება,” – აცხადებს ომბუდსმენი.

უჩა ნანუაშვილი აღმასრულებელმა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მყისიერად უზრუნველყოს თამბაქოს პროდუქციის მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და პირთათვის თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის კონსულტაციისა და მკურნალობის შესაბამისი სერვისების განვითარება.

“თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა საჭიროებს სრულყოფას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოყვანას, განსაკუთრებით, მოზარდი თაობის წარმომადგენელთათვის თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას,” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

მასალების გადაბეჭდვის წესი