ახალი ამბებისამართალი

მანანა კობახიძე: ბათუმში ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ

15 თებერვალი, 2017 • 35835
მანანა კობახიძე: ბათუმში ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ

„ამ წუთას ნათესავთან ვარ და შემდეგ ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ. ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი გადმომეცემა და, შესაბამისადა, საუბარი ამაზე არ არის“, – ასე უპასუხა მანანა კობახიძემ „ბათუმელების“ კითხვას ბათუმში საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. დღეს, 15 თებერვალს, მანანა კობახიძემ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, ფიცი დადო და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ ბინის ქირისთვის გათვალისწინებული ოფიციალური ხარჯით ისარგებლებს. მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოსამართლეს ბინას არ უნდა ჩუქნიდეს. მანანა კობახიძის აზრით, „თავის დროზე ეს წესი მთლად დახვეწილი არ იყო, როცა მოსამართლეებს გადასცეს ბინები. ყოველ შემთხვევაში, ეს წესი აღარ გავრცელებულა ახალდანიშნულ მოსამართლეებზე. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს მუშაობის შესაბამისი პირობები, თუ ბათუმში არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ჩუქებას, არც ყიდვას სახელმწიფოს ხარჯზე. ასეთი მიდგომა უკვე აღარ არის. მე არ განვსჯი იმ მოსამართლეებს, ვინც ისარგებლა ამ წესით, ეს სწორი იყო თუ არ იყო“.

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იქნება 10 წლის განმავლობაში. დღეს ფიცის დადების ცერემონიალს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი