ახალი ამბებისამართალი

ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ძალაშია – სასამართლომ საკუთარი განჩინება გააუქმა

15 თებერვალი, 2017 • 6493
ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ძალაშია – სასამართლომ საკუთარი განჩინება გააუქმა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ადვოკატის, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება, რომლითაც დროებით შეჩერებული იყო ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო–საანგარიშო ყრილობის შედეგები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 იანვრის გადაწყვეტილებით, დროებითი შეჩერება შეეხებოდა ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც, რომელშიც ლერი ხაბელოვმა ირაკლი მეძმარიაშვილი დაამარცხა. 24 იანვარს სასამართლომ სწორედ ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 თებერვალს იმსჯელა და განიხილა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საჩივარი, სრულად გაიზიარა საჩივრის არსობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 იანვრის განჩინება, რითაც შეჩერებული იყო 2016 წლის 23 დეკემბრის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო საანგარიშო ყრილობის შედეგების რეგისტრაცია. მათ შორის, კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები. შესაბამისად, სეოკ-ი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ დღეის მდგომარეობით სამართლებრივი თვალსაზრისით, ელემენტარული მინიმალური ეჭვის გამოთქმის უფლებაც არავის გააჩნია 2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო საანგარიშო ყრილობის კანონიერებასთან მიმართებაში,” – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ირაკლი ყანდაშვილმა.

ოლიმპიური კომიტეტის ადვოკატის განცხადებით, პროცესი გრძელდება. მისი თქმით, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შეჩერება, ხოლო ამ დროისთვის არის ასეთი სიტუაცია:

“სარჩელი არის შეტანილი მოსარჩელის მხრიდან, სადავო აქვს გამხდარი არჩევნების შედეგები, ამ საჩივარზე არსებითი განხილვა არ დაწყებულა, რადგან განხილული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც დროებით იყო შეჩერებული დროებითი რეგისტრაცია. თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა ძირითადი სარჩელის განხილვა.”

2016 წლის ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია: ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

2016 წლის ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია: ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტის, ელგუჯა ბერიშვილის თქმით, დღეს უკვე არავის აქვს უფლება ეჭქვეშ დააყენოს ოლიმპიური კომიტეტის 23 დეკემბრის საარჩევნო–საანგარიშო ყრილობის შედეგები, მათ შორის, არც ირაკლი მეძმარიაშვილს.

“დღეის მდგოამრეობით, არავის, მათ შორის, ჩვენს იპონენტს არ აქვს უფლება ეჭქვეშ დააყენოს ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკმებრის საარჩევნო–საანგარიშო ყრილობის შედეგები. ეს არის მთავარი არსი, რაც შეიძლება ითქვას სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ. დანარჩენი ურაკლი მეძმარიაშვილის საქმია – გაასაჩივრებს თუ არა ის, გააგრძელებს თუ არა სასამართლო დავას. ამას თვითონ მოგახსენებთ,” – განუცხადა ნეტგაზეთს ბერიშვილმა.

ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ფეისბუკით გამოეხმაურა. ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი წერს, რომ სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილება არ ეხება იმ სარჩელს, რომელიც მან შეიტანა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის უკანასკნელ არჩევნებში არსებული დარღვევების თაობაზე. მისი განცხადებით, სასამართლო პროცესი გრძელდება.

“მინდა საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ვინმეს არ ეგონოს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამენაირად ეხება იმ სარჩელს, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის უკანასკნელ არჩევნებში არსებული დარღვევების თაობაზე. აქ უბრალოდ არ დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაგრამ, რაც მთავარია სასამართლო პროცესი გრძელდება, ჩვენს მიერ მოგროვებული მტკიცებულებები, მათ შორის საჯარო რეესტრიდან მოძიებული ინფორმაცია სასამართლოშია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო გააუქმებს სეოკ-ის პრეზიდენტის დეკემბრის არჩევნების შედეგებს და დაინიშნება ხელახალი არჩევნები,” – წერს ირაკლი მეძმარიაშვილი.

ნეტგაზეთი თბილისის საქალაქო სასამართლოს გარე კომუნიკაციების მენეჯერს დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. თუმცა, როგორც სასამართლოში განგვიცხადეს, ეს არის ორ კერძო პირს შორის დავა და გადაწყვეტილებას ვერ გამოგვიგზავნიან. 26 იანვარს ამავე საქმეზე სასამართლომ პირველი განჩნება გაასაჯაროვა, რადგან მედიაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ საქმეზე მოსამართლის გუშინდელი განჩინების გასაჯაროება და ველოდებით პასუხს. გადაწყვეტილების გასაჯაროება შეუძლიათ მხარეებსაც.

2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე კომიტეტის პრეზიდენტად მეორე ვადით ისევ ლერი ხაბელოვი აირჩიეს. მისი ერთადერთი კონკურენტი იყო ირაკლი მეძმარიაშვილი, თუმცა დელეგატთა უმრავლესობამ არჩევანი ისევ ლერი ხაბელოვზე გააკეთა, ხოლო მოგვიანებით მეძმარიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი