ახალი ამბები

უცხოელებზე მიყიდულ ყოველ ჰექტარზე 1 მლნ-ის ინვესტიცია – პატრიოტთა ალიანსი

15 თებერვალი, 2017 • 1911
უცხოელებზე მიყიდულ ყოველ ჰექტარზე 1 მლნ-ის ინვესტიცია – პატრიოტთა ალიანსი

პატრიოთა ალიანსი, რომელიც უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას კონსტიტუციით ითხოვს, კომპრომისულ ვარიანტად  უცხოელებზე მიყიდულ თითოეულ ჰექტარზე განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრას ასახელებს.

დღეს, 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურს საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწის ყიდვა, თითოეულ ჰექტარზე მინიმუმ 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს:

“თუ უცხოელი ყიდულობს სასოფლო-სამეურნეო მიწას, ყოველ ჰექტარზე დაწესდეს ინვესტიციის მინიმალური ოდენობა, 1 მილიონი დოლარი, რაც ერთი წლის მანძილზე უნდა იქნას ინვესტირებული, ხოლო ამ თანხის ნახევარი წინასწარ დაიდოს დეპოზიტზე. თუ უცხოელი ინვესტორი ამ ფულს მიწაში არ ჩადებს, მაშინ მან ის ფულიც უნდა დაკარგოს და ის მიწაც. ეს ცვლილება ორგანულ კანონში უნდა შევიდეს”.

მანამდე “პატრიოტთა ალიანსმა”  საკონსტიტუციო კომისიას მიმართა ინიციატივით, რომ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეების არმქონე პირებზე კონსტიტუციით აიკრძალოს.


 

მანამდე:

 

  • 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
  • 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.
  • დღეს მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი