ახალი ამბები

ქორეპისკოპოსი იაკობი: მეუფე პეტრე რომ შემხვდება, როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი

15 თებერვალი, 2017 • 3312
ქორეპისკოპოსი იაკობი: მეუფე პეტრე რომ შემხვდება, როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი

პატრიარქ ილია მეორის ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჯობია ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ პირადად უთხრას ის რასაც მასზე ფიქრობს.

“[მეუფე პეტრე] ჩემი მისამართით რასაც ფიქრობს მოვიდეს და პირში მითხრას. მეუფეს უნდა შერცხვეს. რომ შემხვდება როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემგან თანადგომის მეტი არაფერი არ უნახავს და მასეთ სამარცხვინო რაღაცას ჩემზე რომ ამბობს, თითონ მაინც იცის რომ იტყუება. პატრიარქის გარდა, სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი, თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს. უწმინდესი კიდევაც მიბრძანებს, კიდევაც დამავალებს” – განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

ამით იგი ბერლინიდან გამოეხმაურა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის გუშინდელ განცხადებას, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ჰყავს დავალების შემსრულებელი ეპისკოპოსები, რომლებსაც “ოქროს თევზებს ” უწოდებს, ხოლო იაკობი შეცდომაშია შეყვანილი და თეთრუაშვილის “ინტრიგებშია ჩართული.”

ქორეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილი თავის საქმეს აკეთებს და გუშინ გაიგო იმის შესახებ რომ შორენა თეთრუაშვილს აქვს გავლენა საპატრიარქოში.

მისი აზრით, მისი სახელი იმიტომ ფიგურირებს ამ დაპირისპირების დროს, რადგან მისი ეშინიათ, რადგან “მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის რომ აკეთოს”.

12313617_783251581801562_7070020380607110175_n

“შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს [გავლენა შორენა თეთრუაშვილს] და გათავისუფლება უნდა მაგ გავლენისგან. ჩვენგან რა გავლენა უნდა ჰქონდეს?!”, – ამბობს ქორეპისკოპოსი.

ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ იგი აპირებდა საპატრიარქოში აუდიტის ჩატარებას რასაც აკეთებდა ხოლმე, რათა უკეთესად წარემართა საპატრიარქოს საქმეები, რაიმე სახის ფინანსური დარღვევის არსებობას კი უარჰყოფს.

ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ პირველად გუშინ მოისმინა მიტროპოლიტ პეტრესგან, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კეთილსინდისიერი ადამიანია.

“ჩვენზე ძალიან იმას არასოდეს არ შეტკიოდა გული. არასერიოზულია სასულიერო პირებიდან იმის საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაც შეიძლება არ გააკეთოს. ადამიანი თუ დაშორდა ღმერთს აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გააკეთოს და განახორციელოს, თუ საშუალება მიეცა. მე უშუალოდ მამა გიორგიზე არ ვსაუბრობ, ღმერთმა ყველა დაიფაროს, ციხეშია და არ მინდა ამაზე საუბარი”, – ამბობს ქორეპისკოპოსი იაკობი.

მასალების გადაბეჭდვის წესი