ახალი ამბები

Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს

15 თებერვალი, 2017 • 6880
Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი “აირბას A320” და 230 ადგილიანი “აირბას A321” ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

“ვიზეარის” ცნობით, დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის.

“რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“ – განაცხადა “ვიზეარის” კომუნიკაციების მენეჯერმა, სორინა რაციმ.

ავიაკომპანია “ვიზეარი” გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს “ვიზეარი” საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-ანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას.

ავიაკომპანია “ვიზეარის” საჰაერო ფლოტი 77 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს მოიცავს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშიერბს 40 ქვეყნის 137 ქალაქს. “ვიზეარის” გუნდი ავიაციის სფეროს, დაახლოებით, 3 000 ადამიანისგან შედგება. ავიაკომპანიის ცნობით, ისინი მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობენ, რის გამოც “ვიზეარი”, 2016 წლის 30 ნოემბრის ფინანსური წლის მონაცემებით, 23 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.

“ვიზეარი” ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით არის წარმოდგენილი და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ავიაკომპანია დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. “ვიზეარი” ახლახანს დასახელდა 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორებისა და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი