ფოტო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

აუდიტის სამსახურმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დარღვევები გამოავლინა

სააქციო საზოგადოება “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” სამაშველო რაზმის დასაფინანსებლად 2012-2014 წლებში 3,8 მილიონი ლარი დახარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი მიიჩნევს რომ ეს ხარჯი არ არის მიზანშეწონილი.  

აუდიტორების განმარტებით, კორპორაციის მმართველობაში არ არის არც ერთი გაზსადენი და ნავთობსადენი, რომელთა პატრულირება სამაშველო რაზმს კორპორაციის დებულებით ევალება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კორპორაციის შესახებ ანგარიში 2016 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა და იგი შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა. ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის თქმით, კორპორაციის შემოწმებისას რამდენიმე დანაშაულის შემცველი ფაქტი გამოვლინდა, რაზეც პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

პროკურატურა ჩვენს კითხვას, დაიწყებულია თუ არა გამოძიება კორპორაციის საქმიანობაზე, დღემდე არ პასუხობს. ამ კითხვაზე პასუხი არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს.

კორპორაციაში კი “აი, ფაქტს” განუცხადეს, რომ “სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად შეისწავლა კორპორაციის 2012-2014 წლების საქმიანობა და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მოახდინა შესაბამისობის (საქართველოს კანონმდებლობასთან) აუდიტის ჩატარება და ანგარიშის წარმოდგენა.”

აუდიტის სამსახურის ანგარიშში განხილულია კორპორაციის საქმიანობისას გამოვლენილი სხვა დარღვევებიც.

 

“დაუმსახურებელი” ხელფასები

კორპორაციაში ხელფასების გაცემის საკითხს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ: “ამ ეტაპზე გამოვლენილია ათეულობით მოქალაქე, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრამდე გაფორმებული იყვნენ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მათ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები ხელფასის სახით ისე, რომ რეალურად ნავთობის კორპორაციაში არ უმუშავიათ.”

დამატებითი დეტალები არც აუდიტის სამსახურს აქვს გამოკვლეული. თორნიკე შერმადინის თქმით, ანგარიშზე მუშაობისას ფინანსთა სამინისტროს გამოძიება უკვე დაწყებული ჰქონდა და ამიტომ აუდიტის სამსახურმა საჭიროდ არ მიიჩნია ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოკვლევა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმეზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი გრძელიშვილი, “აი, ფაქტთან” საუბრისას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს იკავებს დეტალების გამჟღავნებისგან.

ვერც კორპორაციისგან მივიღეთ ინფორმაცია ეჭვმიტანილთა რაოდენობისა და მათთვის დარიცხული თანხის შესახებ.

უმიზნოდ დახარჯული გაზი

2012-2014 წლებში გაზის 14 საბადოზე ხუთმა უცხოურმა კომპანიამ მოიპოვა 34 მლნ კუბ.მ. მომყოლი გაზი, საიდანაც 11 მლნ კუბ.მ.-ზე მეტი გაფრქვეულია ან დამწვარია ჩირაღდანზე და ეს გაზი კომერციული მიზნით არც კორპორაციას გამოუყენებია, არც მის მომპოვებელს.

კორპორაციასა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების თანახმად, მოპოვებული მომყოლი გაზის კომერციული მიზნით გამოყენების უფლება იმ მხარეს ენიჭება, რომელიც მას კომერციულად მიიჩნევს. აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ: “კორპორაციამ ვერ წარმოადგინა ვერც კონტრაქტორის და ვერც საკუთარი დასკვნა გაზის კომერციულობის შესახებ, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი გაზის უტილიზაციის გეგმები.”

ამ გარემოების გათვალისწინებით აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით კორპორაციამ გაზის მოპოვებიდან მისაღები შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით უნდა გაატაროს მეტი ქმედითი ღონისძიება. კერძოდ, თუ კონტრაქტორი და კორპორაცია შეთანხმდებიან, რომ ჭარბ მომყოლ გაზს არ აქვს კომერციული ღირებულება, მაშინ უნდა შემუშავდეს გაზის მოხმარების სხვა გეგმა.

კორპორაცია “აი, ფაქტისთვის” მოწერილ წერილში განმარტავს, რომ საქართველოს არ გააჩნია კომერციული მნიშვნელობის გაზის საბადო და მოპოვებულ გაზს წარმოადგენს მხოლოდ ნავთობის მოპოვების მომყოლი გაზი, რომლის მოცულობა არის მეტად მცირე. “მომყოლი გაზის ის მოცულობა, რომელიც, შესაძლოა,  მიეწოდოს მომხმარებელს, ინვესტორი კომპანიების მიერ იყიდება ბაზარზე, ხოლო არაკომერციული მოცულობა (ანუ გაზის ის მოცულობა რომლის მომხმარებლისთვის მიწოდება არარენტაბელურია მათ შორის, მისი მეტად მცირე მოცულობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო) ნავთობინდუსტრიის საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად  ექვემდებარება უტილიზაციას ინვესტორი კომპანიების მხრიდან, მათ შორის ჰაერში გაფრქვევის, ან აალების გზით.”

უკონტროლო GPS სისტემაt

2012-2014 წლებში კორპორაციის ავტომანქანებზე დამონტაჟებული იყო GPS სისტემა, რომელიც გავლილ მარშრუტსა და მანძილს აკონტროლებს. მიუხედავად სისტემის არსებობისა, კორპორაცია არ ინახავს დაფიქსირებულ მონაცემებს და ამიტომ საწვავის ხარჯის მიზნობრიობის დადასტურება შეუძლებელია.

საეჭვო გარიგებები

სს “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2011 წელს შპს “ნიუ-ენერჯისთან” გააფორმა ხელშეკრულება სვანეთში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაზე. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება იყო 44,5 მლნ ლარი. აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოდ ნაჩვენებია 546,174 კუბ.მ. გრუნტის მოჭრა. “ფარული სამუშაოების აქტების მიხედვით გამოყენებულად ნაჩვენებ ექსკავატორებსა და ე.წ. “კოდალას” 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში შეეძლოთ მხოლოდ 315,548 კუბ.მ. გრუნტის მოჭრა, რაც ფაქტობრივად შესრულებულად ნაჩვენებ მოცულობასთან შედარებით 230,626 კუბ.მ.-ით ნაკლებია.”

მსგავსი სიტუაცია მეორდება მოჭრილი გრუნტის გადაადგილების შემთხვევაშიც, სადაც შესრულებულად ნაჩვენებია 558,672 კუბ.მ. გრუნტის გადაადგილება, თუმცა ტექნიკას 24 საათიანი მუშაობის რეჟიმში მხოლოდ 375,774 კუბ.მ.-ის გადატანა შეეძლოთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის თქმით, ისინი მოელიან, რომ პროკურატურა ამ საკითხზე გამოძიებას დაიწყებს.

კითხვის ნიშნებს შეიცავს კორპორაციასა და შპს “ელ.ჯორჯია-2006”-ის პარტნიორობაც. კომპანიის მიერ შედგენილი მშენებლობის პროექტი, აუდიტის სამსახურის ცნობით, არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კომპანიამ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მოჭრა და გადაადგილა VII კატეგორიის გრუნტი, რისთვისაც კორპორაციიდან მიიღო 3,9 მილიონი ლარი, მაშინ როცა გეოლოგიურ-ლითოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ამ კატეგორიის გრუნტის გავრცელება საერთოდ არ ფიქსირდება.


 

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, 2006 წლის მარტში დაფუძნდა. კორპორაციის შემადგენლობაში შევიდა სს “საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის”, სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის” და სს “საქნავთობის” სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები. 2011 წლის სექტემბერში კორპორაციამ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.

ამჟამად კორპორაციის აქციათა 100%-ს სს “საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული აქვს  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.  

კორპორაციის შემოსავალი 2012-2014 წლებში 1,2 მილიარდ ლარს აჭარბებდა. კორპორაციაში 2014 წელს 342 ადამიანი იყო დასაქმებული და მათზე ხელფასის სახით, ჯამში, 6,6 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიის სახით კი 1,2 მილიონი. დასაქმებულთაგან 7 ადამიანი ქმნიდა კორპორაციის გენ. დირექტორატს 2014 წელს და მათი ხელფასი საერთო ჯამში 662,156 ლარი იყო, პრემია კი 133,400. ჩვენი გამოთვლით, გენ.დირექტორატის ერთი წევრის ხელფასი, საშუალოდ, 7,880 ლარი უნდა ყოფილიყო.

2012-2014 წლებში სულ კორპორაციაში დასაქმებულთა ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯა 21.6 მილიონი ლარი.

ჩვენ გვაინტერესებდა შემცირდა თუ გაიზარდა კორპორაციაში დასაქმებულთა ხელფასები 2015-2016 წლებში, განსაკუთრებით კი გენ. დირექტორატის წევრების ანაზღაურება და პრემიები. კორპორაციის მიერ მოწერილ წერილში ვკითხულობთ, რომ კორპორაცია არ არის ადმინისტრაციული ორგანო და მასზე ადმინისტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, შესაბამისად არ აქვთ ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება.

2016 წლის ნოემბერში მთავრობამ სს “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” 25 პროცენტიანი წილის გასხვისება დააანონსა, თუმცა როგორც კორპორაციაში “აი, ფაქტს” განუცხადეს ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ავტორი