ახალი ამბებისამართალი

შსს-მ ნიკა გვარამიას მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დასაკითხად სასამართლოს მიმართა

14 თებერვალი, 2017 • 2653
შსს-მ ნიკა გვარამიას  მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დასაკითხად სასამართლოს მიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს  შუამდგომლობით მიმართავს, რათა  “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს.

„ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული,” – აღნიშნულია შს სამინსიტროს გავრცელებულ განცხადებაში.

ჩანაწერი, რომელიც, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ხმებს მოიცავს, 2016 წლის 2 ოქტომბერს, გვიან ღამით, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე გამოქვეყნდა. 2 დღის შემდეგ ამ ცანაწერის ვრცელი ვერსია გაოქვეყნდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 14 თებერვალს ამ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.

ნიკა გვარამიას განცხადებით,  ჩანაწერი თავად გააკეთა და მისი კომპიუტერიდან ეს აუდიო უკანონოდ მოიპოვეს. ამ განცხადების შემდეგ შსს-მ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაიწყო.

შსს-მ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი “არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია”. გვარამია ექსპერტიზას არ ენდობა.

“გამოკითხვაზე არ მივდივარ, არ ვენდობი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპერტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებს და ვითხოვ ჩემ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, მე მზად ვარ, გამოვცხადდე და მივცე ჩვენება სასამართლოს მეშვეობით,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ 14 თებერვალს.

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა 2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა.  ამის შემდეგ, ახვლედიანი მოსამართლეც აღარ არის და სასამართლო სისტემიდან წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი