ახალი ამბები

სინოდის წევრები მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზის დაკავებაზე

14 თებერვალი, 2017 • 5787
სინოდის წევრები მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზის დაკავებაზე

ნეტგაზეთი შეეცადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ყველა წევრთან დაკავშირებას, რათა გამოერკვია, თუ რას ფიქრობენ ისინი მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე, იზიარებენ თუ არა პროკურატურის ვერსიას და ჰქონდა თუ არა დეკანოზს დაპირისპირება მაღალი იერარქიის კონკრეტულ სასულიერო პირებთან კორუფციული ფაქტების მხილების მცდელობის გამო საპატრიარქოს შიგნით, როგორც ეს მისი სახელით გავრცელებულ წერილშია აღნიშნული?

სინოდის შემადგენლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და 46 სასულიერო პირი შედის. ნეტგაზეთმა მხოლოდ 12 მათგანთან შეძლო დაკავშირება, ნაწილმა სატელეფონო კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა.

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იუგუდიელის თქმით, ის ინფორმაცია, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ვრცელდება, პირდაპირ არ უნდა დავიჯეროთ:

“პირველი ინფორმაცია, რაც მოდის ჩვენთად, ასე პირდაპირ რომ დავიჯეროთ, ან რეაგირება მოვახდინოთ, ამის უფლება არც გვაქვს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, რა ფაქტთან გვაქვს საქმე. ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. არსებობს გამოძიება, არსებობს ეკლესია, სადაც ეს საკითხები განიხილება. დეკანოზის სახელით გავრცელებულ წერილზე ვერაფერს გეტყვით”.

მთავარეპისკოპოსი შიოს თქმით, რომელიც სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას ხელმძღვანელობს, იმის დაჯერება, რომ მღვდელს ასეთი რამის გაკეთება შეეძლო, შეუძლებელია:

“ჯერ არანაირი ინფორმაცია გვაქვს. ისე, რა თქმა უნდა, იმის დაჯერება, რომ მღვდელს შეეძლო ასეთი რამის გაკეთება, არის წარმოუდგენელი. ინფორმაცია არ გვაქვს და დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება”.

ქორეპოსკოპოს შიოს რუსთავი ორის მიერ გავრცელებულ წერილზეც ვკითხეთ, რომელიც მედიასაშუალების განცხადებით, დაკავებულ დეკანოზს ეკუთხვნის:

“როგორც მე ვიცი, რ2-ის მიერ გავრცელებული წერილის ავთენტურობა არ არის დადასტურებული და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეუფე იაკობს ვიცნობ როგორც ძალიან პატიოსან და უაღრესად კარგ მოღვაწე ადამიანს. იქ რაც წერია, ჯერ არ არის დადასტურებული,” – აღნიშნავს ქორეპისკოპოსი შიო.

პროკურატურის ბრალდება დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ მოულოდნელია ბოლნელი მთავარეპოსკოპოსი ეგრემისთვისაც. როგორც ის ამბობს, ინფორმაციას მხოლოდ მედიიდან ფლობს და დამატებით ვერაფერს გვეტყვის.

მოკლე კომენტარზე დაგვთანხმდა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი. მისი თქმით, ბრალდება წარმოუდგენელია და საქმე შესაბამისმა ორგანოებმა კარგად უნდა გამოიკვლიონ:

“მე ჩემს აზრს გეტყვით, რომ ცოტა წარმოუდგენელია ასეთი რამ ჩემთვის, პიროვნებიდან გამომდინარე. დანარჩენს ვერ გეტყვით. უნდა გამოიკვლიონ შესაბამისმა ორგანოებმა. მე ნამდვილად არ ვიცი  და რომც ვიცოდე, იმასაც ვერ ვიტყვი, თუ საფუძვლიანად არ იქნა ეს გმაოძიებული და დამტკიცებული,” – ამბობს მიტროპოლიტი ილარიონი.

დეკანოზის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავება ძნელად დასაჯერებელია ნეკრესის მიტროპოლიტ სერგისთვისაც. მისი თქმით, ყველაფერი პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა, მანამდე კი ფაქტის კომენტირებისგან თავს იკავებს ისევე, როგორც შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები.

პროკურატურის ვერსია ძნელად დასაჯერებელია მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიასთვისაც.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი კი ამბობს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებს. ეპისკოპოსის თქმით, დეკანოზს დიდ ცოდვას სდებენ ბრალად, რაც მისი აზრით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გააზრებული ექნებოდა და ამ ნაბიჯს არ გადადგამდა:

“მე ასე ვფიქრობ, ასეთი დიდი ცოდვა არც არსებობს და არ მგონია მამა გიორგის ეს გათვლილი და გააზრებული არ ჰქონოდა. უცოდველი არავინ არ არის , შეიძლება მცირე ცოდვა მოგიწიოს, მაგრამ ამხელა ნაბიჯზე წასვლა, ჩემი პირადი გადასახედიდან, გაუგებარია. არ მჯერა იმ გაგებით, რომ ეს უდიდესი ცოდვაა არა მარტო საკუთარი თავის და შვილების შვილიშვილების მიმართ, არამედ მთელი ერის მიმართ,” – აცხადებს ეპისკოპოსი.

ნეტგაზეთმა ვერ შეძლო ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრესთან დაკავშირება, თუმცა, მისი პოზიცია ცნობილია.

“იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ეპისკოპოსი ამბობს, რომ დეკანოზი პატრიარქის მდივან რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს უქმნიდა დისკომფორტს .  “არ გამოვრციხავ, რომ ამას წამოეგო თავად მამა გიორგი, არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი გამოუცდელობით ახალგაზრდობით ამ სცენარის თანამონაწილე გახდა”,- ამბობს მეუფე პეტრე.

ცნობილია, ქორეპისკოპოს იაკობის პოზიციაც, რომელიც ამბობს, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და გამოვლინდეს ისინიც, ვინც შეიძლება იდგეს ამ საქმის უკან. ქორეპისკოპოსი ასევე ზღაპარს უწოდებს დეკანოზის სახელით გავრცელებულ წერილს, რომელშიც ის ბრალს სწორედ იაკობს სდებს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების გამო.

კიდევ ერთი ქორეპისკოპოსი თეოდორე ამ საკითხებზე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს.

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) აცხადებს: “გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან”.

10 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა გერმანიაში გამგზავრებამდე თბილისის აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, სასულიერო პირს ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოუჩინეს, რომლითაც, უწყების ვერსიით, დეკანოზი მკვლელობას გეგმავდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი