ახალი ამბები

დეკანოზის საქმეზე ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ცნობაზე ჯერ პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს

14 თებერვალი, 2017 • 3876
დეკანოზის საქმეზე ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ცნობაზე ჯერ პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. უჩა ნანუაშვილის თქმით, დეკანოზმა გიორგი მამალაძე მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მის მიმართ მკვლელობის მომზადების მუხლით წაყენებულ ბრალში სასულიერო პირი არ ფიგურირებს.

ნეტგაზეთმა მთავარ პროკურატურას რამდენიმე საათის წინ მიმართა შეკითხვით, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს ინფორმაცია და გამოძიების მიხედვით ვის მოკვლას აპირებდა ბრალდებული, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

“ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მისი ინფორმაციით, მაღალ იერარქზე/სასულიერო პირზე საუბარი არ არის,” – განაცხადა ომბუდსმენმა.

მოგვიანებით ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატის თქმით, სახალხო დამცველის განცხადებას იმის შესახებ, რომ დეკანოზისთვის წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საუბარი არაა, არ ეწინააღმდეგება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი, შინაარსობრივად ვერ ადასტურებს.

“გეტყვით, რომ სახალხო დამცველი ტყუილად არაფერს ამბობს. შესაბამისად, მე სახალხო დამცველის ნათქვამს არაფერში არ ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, მე მის ნათქვამს შინაარსობრივად ვერ დავადასტურებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უამრავი სათქმელი არის ამ თემაზე და მხოლოდ ცალმხრივად არის ინფორმირება. სწორედ ამიტომ ვითხოვთ პროკურატურისგან, სწორედ ამიტომ შევიტანეთ განცხადება, ყველა სატელევიზიო მიმართვის დროს დავაფიქსირეთ, ჩვენ გვინდა თანამშრომლობით დადგინდეს სიმართლე. სიმართლე ნამდვილად არ არის ის, რის ტირაჟირებასაც ისინი ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და მე იმედი მაქვს, არ იქნება პროკურატურასთან ამ კუთხით კომუნიკაციის პრობლემა,” – ამბობს ადვოკატი.


პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი