ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელი ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ

14 თებერვალი, 2017 • 2635
სასამართლომ  არ დააკმაყოფილა  ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელი ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა  “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელი ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კორძაიას ადვოკატმა, საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ განუცხადა.

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატის განცხადებით, 2015 წელს ირაკლი კორძაიამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაავრცელა სიმართლესთან შეუსაბამო, ცრუ ცნობები და ბესიკ ხარძიანის მკვლელობა ირიბად დაუკავშირა ზვიად ჯანყარაშვილის სახელსა და გვარს.  ჯანყარაშვილი კორძაიასაგან მორალური ზიანის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას, 5000 ლარს ითხოვს.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანს თბილისში, საკუთარ სადარბაზოში, 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2016 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლექსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო სარფის გავლით დატოვეს.

ხარძიანის მკვლელობის დღეს, 28 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეში, გიორგი უდესიანის გარდა, ლაშა ნაცვლიშვილი (“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე იკავებდა მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობას) და ზვიად ჯანყარაშვილი (პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი, რომელსაც ეკავა შსს გენინსპექციის უფროსისა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობები) ფიგურირებდნენ.

ამავე თემაზე: ზვიად ჯანყარაშვილი VS ირაკლი კორძაია – სასამართლოში საქმის განხილვა ოქტომბერში განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი