ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგულირების, ან აკრძალვის საკითხზე მსჯელობენ

14 თებერვალი, 2017 • 1843
საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგულირების, ან აკრძალვის საკითხზე მსჯელობენ

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ, 14 თებერვლის, სხდომაზე მსჯელობენ იმაზე, რომ საქართველოში წინასაარჩევნო ბლოკების შექმნა შესაძლოა დარეგულირდეს, ან აიკრძალოს.

საკონსტიტუციო კომისიის წევრის, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, “ქართული ოცნება”, რომელიც ხელისუფლებაში კოალიციის სახით მოვიდა, ახლა კოალიციების აკრძალვას გეგმავს.

“ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართულ ოცნებას”, თუ რამის ეშინია, ეშინია პოლიტიკური გაერთიანებების, ბლოკების და ხედავს, რომ მხოლოდ ასე შეიძლება მისი დამარცხება”, – ამბობს ახვლედიანი.

გიორგი ახვლედიანის თქმით, წინა სხდომაზე, კოალიციების აკრძალვის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კომისიის წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბლოკების აკრძალვა ხელს შეუწყობს პარტიების განვითარებას.

“ამაში ძალიან ბევრი პოზიტივია, ეს პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს, ჩვენ ვიცით, რომ პარტიები მარტივად ვერ ვითარდებიან, თუმცა საწინააღმდეგო აზრებიც არსებობს, შესაძლებელია, რომ ორივე ვერსია დავაყენოთ კომისიის წინაშე. უმრავლესობამ პრინციპში მხარი დაუჭირა იმას, რომ პარტიები უნდა იყვნენ მხოლოდ და ბლოკები არ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხმის მიცემის პროცესი მთაწმინდის #4 საარჩევნო უბანზე. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ხმის მიცემის პროცესი მთაწმინდის #4 საარჩევნო უბანზე. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე კი ამბობს, რომ ბლოკების რეგულირება ხელს შეუწყობს პარტიული სტრუქტურების განვითარებას, პარტიების გამსხვილებას, თუმც იგი არ საუბრობს ბლოკების აკრძალვაზე.

“ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბლოკების გარკვეულ რეგულირებაზე, შეიძლება ეს არ იყოს სრულად შეზღუდვა, შეიძლება ეს იყოს უფრო მაღალი ბარიერის დაწესება ვიდრე პარტიის შემთხვევაში, მაგრამ ყველა ეს მსჯელობა დაკავშირებული არის ზოგადად ბარიერის დაწევაზე. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ საარჩევნო ბარიერს, ეს კვლავ დაგვაყენებს წარმომადგენლობის პრობლემის წინაშე.ბარიერი უნდა დავწიოთ და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ საკითხებზე”, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

ვახუშტი მენაბდის თქმით, მასაც არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და ეს საკითხი არის დისკუსიის საგანი.

კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც კომისიის სხდომაზე უნდა იმსჯელონ არის პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი და საარჩევნო სისტემის ცვლილება.

მამუკა მდინარაძის თქმით, შესაძლებელია საარჩევნო სისტემა გადავიდეს მაჟორიტარულიდან რეგიონულ-პროპორციულ მოდელზე, თუმცა ქართული ოცნების გუნდში, ისე როგორც საზოგადოებაში, თანხმობა არაა.

“გამომდინარე იქედან, რომ აბსოლუტურად საპირისპიროს ვფიქრობ, გარკვეული დათქმები და გარკვეული პირობებით რამაც არ უნდა დააზიანოს საერთო ინტერესები წინასაარჩევნო სისტემა ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გადასვლა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების გარდა თითქმის ყველა ამბობდა, რომ პარლამენტი უნდა იყოს თბილისში.

“ჩვენ ამ ჩანაწერს შევეწინააღმდეგეთ და ვთქვით, რომ მაქსიმუმ შეიძლება დავეთანხმოთ იმას, რომ საერთოდ არ იქნება ჩანაწერი პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა ესეც სხვანაირად მოინათლა. ეს არის საზოგადეობის გადასაწყვეტი და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ახვლედიანი კი ამბობს, რომ ქართულ ოცნებამ დააყენა საკითხი პარლამენტის თბილისში გადატანის შესახებ, თუმცა ისე აკეთებს, რომ ქუთაისელებს არ აწყენინოს და კომისიის გადაწყვეტილების ძალით გადმოიტანოს პარლამენტი თბილისში.

“აბსოლუტურად ყველა თანხმდება, რომ ეს პროცესი დასარეგულირებელია. ოღონდ, “ქართული ოცნება”, რომელიც არის ინიციატორი პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის, თან ცდილობს, რომ ქუთაისელების თვალში აღმოჩნდეს კარგი და აცხადებს, რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ პარლამენტი ქუთაისიდან არ გადმოვა თბილისშიო”, – ამბობს ახვლედიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი