ახალი ამბები

საერთაშორისო სოლიდარობა “აზოტელ” მუშებს – მორიგი აქცია რუსთავში

14 თებერვალი, 2017 • 3511
საერთაშორისო სოლიდარობა “აზოტელ” მუშებს – მორიგი აქცია რუსთავში

რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებულ მუშებს სხვადასხვა დარგის საერთაშორისო პროფკავშირების ხელმძღვანელები უცხადებენ სოლიდარობას. ამ დროისთვის, საწარმოს წინ მორიგი აქცია მიმდინარეობს, სადაც მუშების მხარდასაჭერად ჩავიდნენ ბელარუსის, სომხეთისა და ყირგიზეთის პროფკავვშირების წარმომადგენლები.

საპროტესტო აქცია 13:30 საათზე დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან სტუდენტური მოძრაობებისა და გაერთიანებების წევრები. ასევე, ჭიათურის მაღაროსა და სხვადასხვა საწარმოებში დასაქმებული მუშები, რომლებიც საპროტესტო ტალღის პირველივე დღიდან სოლიდარობას უცხადებენ “აზოტიდან” გათავისუფლებულ ადამიანებს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუშათა ნაწილი კომპენსაციის მიღების შემდეგ აღარ დადგა მათ გვერდში, დღევანდელ აქციაზე მაინც საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა.

პროფკავშირები და გათავისუფლებული მუშები სასამართლოში აპირებენ დავის გაგრძელებას. როგორც დოლაბერიძე ამბობს, ბექა ნაცვლიშვილის გარდა, არცერთ დეპუტატს საჯაროდ არ უსაუბრია გათავისუფლებული მუშების პრობლემებზე. მისი თმით, მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების შესახებ პარტიები მხოლოდ წინასაარჩევნოდ იღებდნენ ხმას, ხოლო ახლა ყველამ დაივიწყა ეს საკითხი.

სიტყვით გამოსვლისას წაიკითხეს “ინდასთრიალ გლობალ უნიონის” გენერალური მდივნის, ვალტერ სანჩესის მორიგი მხარდამჭერი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ “რუსთავის აზოტიდან” მშრომელთა კოლექტიური გათავისუფლება შეიცავს საწარმოში დასაქმებული ადამიანების უფლებათა უხეშ დარღვევებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი