ახალი ამბები

კომისიის სხდომაზე კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა შესახებ ჩანაწერის ამოღებაზე იმსჯელეს

13 თებერვალი, 2017 • 7958
კომისიის სხდომაზე კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა შესახებ ჩანაწერის ამოღებაზე იმსჯელეს

სახელმწიფო საკოსნტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა შესახებ არსებული ჩანაწერის ამოღებაზე იმსჯელეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სხდომაზე იხილებოდა კონსტიტუციიდან ჩანაწერის ამოღების საკითხი, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებას არ ნიშნავს:

“ბევრ ქვეყანაში, სადაც ეს ინსტიტუტი მოქმედებს, პრაქტიკა გადაიხედა და აღარ ითვლება პროგრესულ ინსტიტუტად. ჩვენთან ეს სისტემა რამდენიმე წელია ინერგება და ძვირადღირებული ფუფუნებაა. რამდენად აუცილებელია მისი მოქმედების არეალის გაზრდა, როდესავ სხვა ქვეყნებში აღარ მიიჩნევა თანამედროვე სასამართლოს ყველაზე მაღალ ფორმად, ამაზე იყო საუბარი. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. საქართველოსი ეს ინსტიტუტი შემოიღეს პოლიტიკური კუთხით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ტიპის სასამართლო იყოს დღეს უფრო დამოუკიდებელი და ნდობით აღჭურვილი, ვიდრე პროფესიონალი მოსამართლეების,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ან ინიციატივის გაჟღერებას წინააღმდეგობა მისი, ადვოკატების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყვა.

” ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა, მათ არ განავითარეს ეს ინსტიტუტი, და პირიქით, როგორც ჩანს ცდილობენ უარი თქვან ამ ინსტიტუტზე. იმედს ვიტოვებ, საკონსტიტუციო კომისია ამ აზრს არ გაიზიარებს, და ნაფიცი მსაჯულები კონსტიტუციის ნაწილად დარჩება, ასევე ხელისუფლება დაიწყებს ფიქრს იმაზე, როგორ გააგრძელოს ამ ინსტიტუტის გაძლიერება. ქვეყანაში, სადაც სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მთავარი დანიშნულებაა, საზოგადოება ჩაერთოს მართლმსაჯულების განხორციელებაში, და სასამართლოს მიმართ ამაღლდეს ნდობა,” – განაცხადა ტუღუშმა და აღნიშნა, რომ ინიციატორი მმართველი გუნდი არ ყოფილა, არამედ რამდენიმე ექსპერტი.

ნაფიც მსაჯულთა განსჯადობისთვის სისხლის სამართლის ყველა საქმის დაქვემდებარების მექანიზმის ამოქმედება ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადაავადა.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2010 წლიდან მოქმედებს. 2014 წლის 18 სექტემბერს პარლამენტმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობისთვის სისხლის სამართლის ყველა საქმის დაქვემდებარების გადავადებას მხარი დაუჭირა. იმ დროს მოქმედი კანონის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას უნდა დაქვემდებარებოდა სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებს.  მხარდაჭერილი კანონპროექტით  კი ამ წესის ამოქმედება 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა.  2016 წელს ხელისუფელბამ ამ პრინციპის ამოქმედება კიდევ ერთხელ 2017 წლის 1 იანვრამდე  გადაავადა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი