ახალი ამბები

მერია: ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მცირე ჯგუფი ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს

13 თებერვალი, 2017 • 8739
მერია: ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მცირე ჯგუფი ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს

თბილისის მერია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას.

მერიამ ეს განცხადება დღეს, 13 თებერვალს გამართული აქციის საპასუხოდ გაავრცელა.

“პარტიის აქტივისტების მცირე ჯგუფი მაინც ცდილობს თემის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას, რაც  გასაგებ მიზნებს ემსახურება –  „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მუდმივ რეჟიმში მანიპულირებს გარკვეული თემებით”, – წერია განცხდებაში.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია თბილისის მერიასთან. 13.02.17. ფოტო: გიორგი დიასამიძე

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია თბილისის მერიასთან. 13.02.17. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მერიაში აცხადებენ, რომ საკითხს არაერთხელ გასცეს პასუხი ღიად და თემასთან დაკავშირებით ყველა მედიასაშუალებას მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცი, ხოლო მერია არ გაცდენია კანონიერების ფარგლებს და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი კითხვები კონკრეტული პირების მხრიდან, მათ შეუძლიათ  მიმართონ სასამართლოს.

მერიის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობაში შეჭრისა და მერიის გამართულ ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას ნება არ მისცა.

13 თებერვალს მერიის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული აქციის 13 მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის ბრალდებით დააკავა.

აქცია 12:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 14:00 საათზე დასრულდა. აქციის მონაწილეები მერიასთან დაიშალნენ და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობისკენ გაემართნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი