ახალი ამბები

ილია II-ის ოპერაცია კარგად დასრულდა – პატრიარქის მდივანი

13 თებერვალი, 2017 • 7344
ილია II-ის ოპერაცია კარგად დასრულდა – პატრიარქის მდივანი

“გერმანიიდან შეგვატყობინეს, რომ ოპერაციამ მშვიდობიანად ჩაიარა და კარგად დასრულდა”, – ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ილია II-ის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა მიაწოდა.

ოპერაცია, რომელიც ბერლინში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ჩაუტარდა (ნაღვლის ბუშტზე) ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დეპუტატი ზაზა გაბუნიაც:

“ოპერაცია დამთავრდა, ღვთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა! მადლობა ღმერთს! პროფესორი კმაყოფილია, ოპერაცია დროული იყოო. ნარკოზიდანაც გამოვიდა, ეხლა გადაიყვანენ ინტენსიურში. გილოცავთ”, – წერს გაბუნია.

ილია მეორეს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დღეს ჩაუტარდა. ჰელიოს ბერლინ ბუხის კლინიკაში ილია მეორეს ოპერაცია თბილისის დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე დაიწყო. ბერლინში ეპისკოპოსების ნაწილი და პატრიარქის ახლობლები იმყოფებიან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II 2 თებერვალს სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ილია მეორეს ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, კენჭოვანი დაავადების ერთი ფაზა დასრულდა, თუმცა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამწვავება აჩვენა, ამიტომ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება გადაწყდა შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით. ექიმებს 10 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ ქირურგიული ჩარევის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი