ახალი ამბები

ილია მეორეს გერმანიაში ქირურგიული ოპერაცია უტარდება

13 თებერვალი, 2017 • 2837
ილია მეორეს გერმანიაში ქირურგიული ოპერაცია უტარდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან და მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია უტარდება.

ჰელიოს ბერლინ ბუხის კლინიკაში ილია მეორეს ოპერაცია თბილისის დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე დაიწყო. ბერლინში ეპისკოპოსების ნაწილი და პატრიარქის ახლობლები იმყოფებიან. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს.

“პატრიარქის მდგომარეობა, როგორც გერმანელი ექიმები ამბობენ, უფრო უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ლაპარასკოპიიით გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე გაჭრა; პაციენტი უნდა იყოს ჯანმრთელი, რომ ეს ოპერაცია გაკეთდეს. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველა პირობას აკმაყოფილებს,” – განუცხადა კლინიკაში მისულ ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II 2 თებერვალს სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ილია მეორეს ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, კენჭოვანი დაავადების ერთი ფაზა დასრულდა, თუმცა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამწვავება აჩვენა, ამიტომ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება გადაწყდა შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით. ექიმებს 10 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ ქირურგიული ჩარევის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი