ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისია ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრაზე მსჯელობს

13 თებერვალი, 2017 • 1701
საკონსტიტუციო კომისია ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრაზე მსჯელობს

თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში  სახელმწიფო საკოსნტიტუციო კომისიის  ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე  სხდომა მიმდინარეობს. სხვა საკითხებთან ერთად, დღეევანდელ სხდომაზე კონსტიტუციით ქორწინების განსაზღვრაზე იმსჯელებენ.

პარლამენტის ადამიანის  უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ვალდებულია კონსტიტუციით განსაზღვროს ქორწინება, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი:

“ჩვენ ამას ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ დავპირდით და ვალდებული ვართ გავაკეთოთ. ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ.”

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საქართველოს კანონმდებლობით ისედაც მოწესრიგებულია და კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობს:

“ქართული ოცნება” ცდილობს ძირითადი საკითხებიდან ყურადღება ამგვარ პოპულისტურ თემებზე გადაიტანოს. იმედს ვიტოვებ, რომ სერიოზულ საკითხებზე ვიმუშავებთ და კონსტიტუციაში შევცვლით საარჩევნო სისტემას, რაც ძირითადი პრობლემაა.”

დღევანდელ სხდომაზე  არასამთავრობო ორგანიზაციები კომისიის წევრებს მიმართავენ წინადადებით, რომ კონსტიტუციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ გაკეთდეს ჩანაწერი:

“ჩვენი ინიციატივაა, რომ კონსტიტუციაში აისახოს საზმაუს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტია, რათა მან საზოგადოებრივი, კულტურული , სოციალური პრობლემები გადმოსცეს და თავისუფალი იყოს სახელმწიფო და კომერციული გავლენისგან,” – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის და სხვა მედიების დამოუკიდებლობა ისედაც გარანტირებულია. შესაბამისად, მისი თქმით, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება ლოგიკური არ იქნება:

“სამართლებრივად და იურიდიულად თუ მივუდგებით, კონსტიტუციით საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყოფა არ მგონია, ლოგიკური იყოს, რადგან ისედაც დამოუკიდებელია მაუწყებელი. ჩვენთან მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც კონსიტუციით, ისე ფაქტობრივად და ამის უამრავი მაგალითი შემიძლია გითხრათ. ამდენი არხი და ამდენი მაუწყებლობა არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიაში,”-აღნიშნავს კილაძე.

კომისიის წევრები დღეს სახალხო დამცველის ეარჩევის ვადებზეც იმსჯელებენ. გიორგი ტუღუშის თქმით, ზედიზედ ორჯერ არჩევას სჯობს, რომ სახალხო დამცველს ერთხელ და უფრო დიდი ხნით ირჩევდეს პარლამენტი:

“ჩემი პირადი მოსაზრება ყოვეთვის იყო, რომ სახალხო დამცველი აირჩეს ერთხელ და უფრო დიდი ვადით, 6-7 წლით. იგივე რეკომენდაცია გასცა 2004 წელს საქართველოში მომუშავე ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიამ. მათ ჩათვალეს, რომ ეს პრაქტიკა სჯობს ზედიზედ ორჯერ, უფრო მცირე ვადით არჩევას.”

სოფო კილაძე ამ საკითხზე მოსაზრების დაფიქსსირებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ჯგუფის შიგნით დისკუსიითა და კონსესუსით გადაწყდება რა ვადით არიჩევენ სახალხო დამცველს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი