ახალი ამბები

სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია

13 თებერვალი, 2017 • 2474
სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა მიზეზით.

ჩუბინიძემ, რომელიც გერმანიაში იმყოფება, დაადასტურა, რომ მან გადაამოწმა ილია მეორის უსაფრთხოების ზომები.

“გაძლიერება არ იყო საჭირო, ჩვენ მაინც ჩავთვალეთ, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის ჩამოვსულიყავით, ჩვენ პირადად გვენახა მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩამოსვლას გერმანიაში მაინც ვგეგმავდი, პრემიერის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით, არ იყო შემთხვევითი ჩემი ჩამოსვლა და გადავწყვიტე, რომ აქაც მოვსულიყავი. რა თქმა უნდა, ის არის დაკავებული. სხვა ამასთან დაკავშირებით, ჯობია გააკეთოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, მე პასუხს ვაგებ უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ჩუბინიძის განცხადებით, ამ ეტაპზე პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის სოსო ოხანაშვილის მიმართ კითხვები არ არსებობს.

“მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, მიეხმარა გამოძიებას, ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შეუწყო ამ სამსახურის ფუნქციონირებას სწორად. სოსო განაგრძობს ჩვეულებრივად, სოსოსთან ამ ეტაპზე კითხვის ნიშანი არ არის”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პროკურატურას, ისინი კომენტარს არ აკეთებენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე დუმს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სუს-ი კი აცხადებს, რომ ამ საკითხთან კავშირი არ აქვს.

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი კი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია მედიისგან გაიგო. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე, ვინც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეა, თბილისის აეროპორტში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი