ახალი ამბები

მობილურ ოპერატორებს ფარული მოსმენების კანონპროექტთან პრეტენზიები აქვთ

11 თებერვალი, 2017 • 2728
მობილურ ოპერატორებს ფარული მოსმენების კანონპროექტთან პრეტენზიები აქვთ

საქართველოში არსებული სამი მობილური ოპერატორი: ჯეოსელი, მაგთიკომი და ბილაინი ფარული მოსმენების საკანონმდებლო პაკეტის შინაარსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

სამივე კომპანია აცხადებს, რომ კანონპროექტის შემუშავებაში ისინი არ ყოფილან ჩართულები, რაც მათთვის მიუღებელია.

ნეტგაზეთს ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია კომპანიებმა წერილობით მიაწოდეს.

ჯეოსელის განცხადებით, ავტორიზებული პირების მონაწილეობის გარეშე კანონპროექტის განხილვა “ყოვლად მიუღებელია” და კანონპროექტი დიდ გავლენას მოახდენს კომპანიის საქმიანობაზე:

“საკანონმდებლო პაკეტი არსებით გავლენას ახდენს ჩვენი კომპანიის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის საქმიანობაზე, ვალდებულებებზე, ფინანსურ და ტექნიკურ შესაძლებლობებზე, მათ შორის, ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც,”- აცხადებს ჯეოსელი.

ჯეოსელი აღნიშნავს, რომ მათთვის, როგორც საერთაშორისო ჯგუფის (Telia Company) წარმომადგენლისთვის, უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანთა უფლებების, სიტყვის და  გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა.

კანონპროექტის განხილვა ავტორიზებული პირების ჩართულობის გარეშე მიუღებელია მაგთიკომისთვისაც, რადგანაც, მათი განცხადებით, “კანონპროექტით დაკისრებული მძიმე ვალდებულებების სრულყოფილად აღსრულება შეუძლებელია”.

“სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა უნდა გაითვალისწინოს როგორც სამართლებრივი, ის ტექნიკური და ფინანსური ასპექტები,”- აცხადებს მაგთიკომი.

ბილაინი კი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი დასახვეწია და უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლით და შეაჯერებს პოზიციებს კანონპროექტთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

ბილაინი საკუთარ განცხადებაში კონკეტულ შენიშვნებზეც საუბრობს.

კერძოდ, ბილაინი შიშობს, რომ კანონპროექტით გათალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ახალი რეგულაციების შემოღება ავტორიზებული პირებისთვის გამოიწვევს გაუთვალისწინებელი მოცულობით ხარჯების გაზრდას, რაც ჰპოვებს ასახვას, ბიზნეს სექტორის და მოსახლეობის ბიუჯეტზე.

“საკანონმდებლო პაკეტი აგრეთვე არ ითვალისწინებს, თუ რის მიხედვით შეიმუშავებს სააგენტო ავტორიზებული პირებისთვის რეგულაციებს, შესაბამისად არ არსებობს იმის გარანტია რომ არ მოხდება, რომელიმე ავტორიზებული პირისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების გათვალისწინება შესაბამის რეგულაციებში, შესაბამისად აღნიშნული განმოიწვევს დისკრიმინაციასა და არათანაბარ დამოკიდებულებას ამ სფეროში მომუშავე პირების მიმართ,”- აცხადებს ბილაინი.

ასევე, კომპანიის განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის კომპანიის ინფრაქტრუქტურის უსაფრთხოებას:

“სააგენტოს უფლებამოსილება ენიჭება, ავტორიზებული პირის მფლობელობაში არსებულ სასადგურე და ქსელურ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს, დაამონტაჟოს აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, როგორც კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების, ასევე გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში იდენტიფიცირების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ავტორიზებულ პირს არ უნდა მოეთხოვოს დამატებითი აპარატურის თუ პროგრამული უზრუნველყოფის განთავსება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე, თავისი ხარჯებით. კანონპროექტი არც იმას ითვალისწინებს, რომ განთავსებული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს თავსებადი იმ ოპერატიულ გარემოსთან, სადაც ხდება მისი ინტეგრირება და ფუნქციონირება. შესაბამისად, სააგენტოს იმპერატიული მოთხოვნა ამგვარ განთავსებაზე სრულიად მიუღებელია და ის საფრთხეს უქმნის ავტორიზებული პირის არსებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას,”- აცხადებს ბილაინი.

თავის განცხადებაში ბილაინი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონს “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს:

“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, კანონპროექტის აღნიშნული დანაწესი ეწინააღმდეგება “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი პირის ცდა, განახორციელოს იურისდიქცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა.

კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებს, ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივის (2009/140/Eჩ), 2002 წლის 7 მარტის 2002/21/Eჩ ჩარჩო დირექტივს, რომელებიც პირდაპირ ითვალიწინებენ მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, რაც ძირითადად უნდა გამოიხატებოდეს მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობაში როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე მათ მიერ რეგულირებად ბაზარზე მოქმედი სუბიექტებისგან,”- ვკითხულობთ ბილაინის განცხადებაში.

კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირელი მოსმენით 10 თებერვალს განიხილეს, ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში სსიპ საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას. სწორედ ამ სააგენტოს ხელში იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

ამ კანონპროექტის თანახმად, სააგენტო ავტორიზებულ პირებს (მობილურ ოპერატორებს) განუსაზღვრავს მოთხოვნებს და ვალდებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. ამ  მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ავტორიზებული პირების დაჯარიმებას. კანონპროექტის თანახმადვე, ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, სააგენტოს უფროსს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აუდიტის ჩატარების შესახებ.

კანონპროექტის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი