ახალი ამბები

ომბუდსმენი: ფარულ მოსმენებზე კანონპროექტი ვერ აქარწყლებს საზოგადოებაში არსებულ უნდობლობას

10 თებერვალი, 2017 • 3087
ომბუდსმენი: ფარულ მოსმენებზე კანონპროექტი ვერ აქარწყლებს საზოგადოებაში არსებულ უნდობლობას

ომბუდსმენი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ე.წ. “გასაღების” კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ დატოვება, საზოგადოებაში არსებულ უნდობლობას ვერ გააქარწყლებს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის მიხედვითად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი  პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და შენახვის წესები.

კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად, უნდა შეიქმნას საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში იქნება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ მოდელით, სააგენტო სწორედ  ამ სამსახურის კონტროლის ქვეშ იქმნება:

“მართალია, სააგენტოს თავისი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტები ექნება, თუმცა ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლქვეშ, დამოუკიდებლობის ეს მწირი ელემენტები, შესაძლოა ფორმალობად იქცეს და ფაქტობრივად არაფერი შეიცვალოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ინსტიტუციურ მოდელში” – ნათქვამია მობუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატს კითხვის ნიშნებს უჩენს სააგენტოს უფროსის არჩევის წესიც, რომელიც მათი აზრით, არ იძლევა სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობის გარანტიებს. კერძოდ, ომბუდსმენის განცხადებით, შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის კანდიდატურა შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, თუმცა ამ კომისიის მანდატი თავიდანვე შეზღუდულია:

“საგულისხმოა, რომ სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კომისიას წინასწარ უკვე შერჩეულ სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთა შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები კანონპროექტით განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, სპეციალურად შექმნილი კომისია თავიდანვე შეზღუდული იქნება არჩევანის გაკეთების პროცესში, რაც კომისიის შემადგენლობის მნიშვნელობასაც აზრს უკარგავს” – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აზრით, ე.წ. „ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებული წარსული მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს აკისრია  უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა, შეიმუშავოს ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევისგან დაცვას და ხელს შეუწყობს ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენას.


კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

კანონპროექტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა და საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციაც.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეწინააღმდეგება. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კი მიიჩნევს, რომ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი