ახალი ამბები

სასამართლო: ომბუდსმენი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას

10 თებერვალი, 2017 • 4764
სასამართლო: ომბუდსმენი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას
თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება, საერთო სასამართლოებში სისტემური ხარვეზების თაობაზე, რაც უკავშირდება უჩა ნანუაშვილის უკმაყოფილებას სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული პირის (მოსარჩელის) სასარგებლოდ დასრულებულ შრომით დავას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი უჩა ნანუაშვილის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულ დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
“სასამართლო მიიჩნევს, რომ უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია უშუალოდ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, პირადი დაინტერესების მოტივით გაკეთებული განცხადებები ემსახურება სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სახალხო დამცველის განაწყენებული პოზიცია გამოწვეულია მისი სუბიექტური დამოკიდებულებით საქმის შედეგის მიმართ.
სასამართლო შეახსენებს უჩა ნანუაშვილს, რომ მისი, როგორც სასამართლო დავაში მონაწილე მხარის საჯარო გამოსვლა და ამ ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსის გათვალისწინებით”, -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სასამართლო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უჩა ნანუაშვილი გაკვირვებულია მითითებულ დავაზე საქმის განხილვის ვადის სიმცირით მაშინ, როდესაც შრომითი კატეგორიის დავებზე სასამართლოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი განხილვის ვადა აქვს.
“უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის ტენდენციური და უპრეცენდენტო, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განიხილა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული 163 ადმინისტრაციული საქმე, რომელთაგან 125 დასაქმებული პირების სასარგებლოდ გადაწყდა.
სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას, მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც საქართველოს სახალხო დამცველია. უჩა ნანუაშვილის  მოქმედებები ზიანს აყენებს როგორც სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა ილია ჭანტურაიას სარჩელი საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ საქმეში. ილია ჭანტურაია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს. მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 22 სექტემბერს სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება და დაითხოვეს დაკავებული თანამდებობიდან.

ომბუდსმენი გუშინვე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს და განაცხადა, რომ სისტემური ხარვეზების მიღმა ამ კონკრეტული საქმის განხილვისადმი სასამართლოს განსაკუთრებული მიდგომა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.ომბუდსმენი აცხადებს, რომ სასამართლოებში საქმის განხილვა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რაც მინიმუმ ცალკეული მოსამართლეების მიუკერძოებლობის მიმართ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს და ამ კონკრეტულ საქმეში არსებული დარღვევები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა ნათლად წარმოაჩენს იმ მანკიერ პრაქტიკასა და ხარვეზებს, რაც მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც არაერთი წელია საუბრობს სახალხო დამცველი, მათ შორის, საპარლამენტო ანგარიშებში.

ომბუდსმენი საუბრობს მოსამართლეებზე საქმის განაწილების წესზე. განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა, საუბარია იმის შესახებ, რომ სარჩელი მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიიღო, ხოლო განიხილა დავით წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველს არ მიაწოდა ინფორმაცია, საქმეთა რიგითობის წესების დაცვით, მოსამართლე დავით წერეთელზე ან/და დიანა ფარქოსაძეზე განაწილების შესახებ, აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენი იწუნებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყველების დასაბუთების ხარისხს. ომბუდსმენი საუბრობს იმის შესახებ, რომ სასამართლომ სხვისი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა დარღვევა დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში, თუკი საქმე არ აქვს განხილული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ ფაქტიურად წაახალისა ის, რომ ილია ჭანტურაიამ დაქვემდებარებაში მყოფ პირს დაავალა, აპარატის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამიდან რეგისტრირებული განცხადება წაეშალა და სხვა შინაარსის განცხადებით ჩაენაცვლებინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის მიერ მიღებულ განჩინებას საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან, სახალხო დამცველმა განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეზე საქმის გადაცემის საკითხის კანონიერების შესწავლის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი