ახალი ამბები

აქცია საკრებულოსთან – უბინაოები თბილისის მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ [ფოტო]

10 თებერვალი, 2017 • 26269
აქცია საკრებულოსთან – უბინაოები თბილისის მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ [ფოტო]

დღეს, 10 თებერვალს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან უბინაოების აქცია გაიმართა – ისინი ითხოვენ, რომ მერიამ უსახლკაროთა ნუსხაში შეიყვანონ და შემდეგში რაიმე სახით კომპენსაციით დააკმაყოფილონ.

აქცია 14:00 საათზე დაიწყო. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია “უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” ინიციატივით მოეწყო. ორგანიზაციის გამგეობის წევრის, დავით ხვადაგიანის თქმით, აქცია საკრებულოსთან იმიტომ იმართება, რომ საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება 2015 წელს, რომ ეს ადამიანები უნდა დაერეგისტრირებინა მერიას, ამიტომ საკრებულო არის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მერიის საქმიანობას უნდა აკვირდებოდეს.

უსახლკაროების აქცია საკრებულოსთან. 10.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

უსახლკაროების აქცია საკრებულოსთან. 10.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

“ამ ადამიანებს ვისაც წესით ეკუთვნით აღრიცხვა მერიაში, რომელსაც უნდა აწარმოებდეს მერია, თითქოს ეს პროცესი დაიწყო, შვიდი თვე გავიდა იმის შემდეგ და არც ერთ პასუხი არ მიუღია იმის თაობაზე, რომ მათი საკითხი რაღაცნაირად გადაწყდებოდა, ან გაატარებდნენ, როგორც უსახლკაროებს და მისცემდნენ სტატუსს და შესაბამისად  ადეკვატურ დახმარებას”, – ამბობს დავით ხვადაგიანი.

ხვადაგიანის თქმით, მისმა ორგანიზაციამ 2012 -16 წლებში 5 ათასი უსახლკარო ოჯახი აღნუსხა, რომლებსაც ეკუთვნით რეგისტრაცია.

უსახლკაროების აქცია საკრებულოსთან. 10.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

უსახლკაროების აქცია საკრებულოსთან. 10.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

აქციაზე იმყოფებოდა ზურაბ მაცაბერიძე, რომელმაც ნეტგაზეთს უთხრა, რომ 7 წელია სახლი არ აქვს, რადგან ვალების გამო მოუხდა მისი გაყიდვა, ახლა კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

“იძულებული გავხდი გამოვსულიყავი და მეთხოვა მთავრობისთვის უსახლკაროთა სია შედგენილიყო და რამე ყურადღება მიქცეოდა უსახლკარო ხალხს. ბანკის ვალი ჰქონდა ჩემს შვილს, ამავე დროს გასაჭირი შეიქმნა საარსებო და მევახშეებისგანაც ვისესხეთ ფული. იძულებული გავხდით გაგვეყიდა ბინა, ახლა ვითვლები უსახლკაროდ, ვერანაირ სოციალურ დახმარებას ვერ ვიღებ”, – ამბობს ზურაბ მაცაბერიძე.

მაცაბერიძის თქმით, იგი მერიაში იყო აღრიცხვაზე, ჩააბარა დოკუმენტები, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. მას იმედი აქვს, რომ აღრიცხვის შემდგ მიიღებს საბუთს და შემდეგ მერია დაეხმარება.

აქციის მეორე მონაწილე, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, დარეჯან ხურციძე ამბობს, რომ შვიდი წლის შვილიშვილს მარტო ზრდის და თავს ნათესავის სახლს აფარებს.

უსახლკაროების აქცია საკრებულოსთან. 10.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

უსახლკაროების აქცია საკრებულოსთან. 10.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

“მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს, პირველკლასელი. მე თითონ ასთმიანი და დიაბეტიანი ვარ. არც წამლების ფულს, არც არაფერს არ ვიღებ. ვარ სხვის [ნათესავის] სახლში შეკედლებული. ახლა იმას შვილები ჰყავს, გადმოიყვანს იმას და მე სად უნდა წავიდე არ ვიცი. “პალატკა” მქონდა გადაჭიმული და გველები დადიოდნენ ისეთ დღეში ვიყავ, მერე შევეცოდე  და წაგვიყვანეს სახლში. ისიც პირველ სართულზე ხის პატარა სახლი იყო და შეგვაფარეს დროებით”, – ამბობს დარეჯან ხურციძე.

დარეჯან ხურციძე მოელის, რომ თბილისის მერია და საკრებულო მას უსახლკაროთა ნუსხაში შეიყვანს და უბინაობის პრობლემას მოუგვარებენ.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ აქციას არ გამოეხმაურნენ, ხოლო თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების საქმეები განხილვის სტადიაშია. მერიაში აცხადებენ, რომ თითოეულის საქმე უნდა შეისწავლოს სხვადასხვა უწყებამ მათი ქონებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი