ახალი ამბები

“ეს შენ გეხება”: ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებზე პროექტი არაერთ რისკსა და ხარვეზს შეიცავს

10 თებერვალი, 2017 • 2997
“ეს შენ გეხება”: ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებზე პროექტი  არაერთ რისკსა და ხარვეზს შეიცავს

“ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო  ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეწინააღმდეგება და არაერთ რისკსა და ხარვეზს შეიცავს.

“ეს შენ გეხებას” გავრცელებული განცხადების თანახმად,   საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

  • “კანონპროექტით არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება -საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით: „რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკურიშესაძლებლობის) შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზეპირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არისპროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევისმომეტებულ საფრთხეს”.  კანონპროექტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიული პირი კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და ამავე დროს  ინარჩუნებს საგამოძიებო/ოპერატიული სამსახურის ბუნებას. ფარული მოსმენების ტექნიკური განხორციელების გარდა, სააგენტო პასუხისმგებელია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვაზე. აგრეთვე ახორციელებს ფარულ აუდიო/ვიდეო ჩაწერას, აწარმოებს პირის გამოკითხვას, ცნობების შეგროვებას და ვიზუალურ კონტროლს, საგნებისა და დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურას და აშ.
  • სააგენტო არაა საკმარისი დამოუკიდებლობის გარანტიებით აღჭურვილი –  სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურებს შეარჩევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და წარუდგენს კომისიას, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს. ახალ სააგენტოზე  სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თუკი სააგენტოს უფროსი არაჯეროვნად ასრულებს უფლებამოსილებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მისი გათავისუფლების შესახებ წინადადებით მიმართავს პრემიერმინისტრს. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს ნიშნავს სუს-ის უფროსი და განუსაზღვრავს უფლებამოსილებებს.
  • ფარული მოსმენების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა იზრდება – სააგენტოს ასევე შეიძლება ჰქონდეს ტერიტორიული ორგანოები. შესაბამისად, ნაცვლად არსებული რეალობისა, როდესაც სუს-ის მხოლოდ ერთი დეპარტამენტი ახორციელებს მოსმენებს, შესაძლოა შეიქმნას რამდენიმე სტრუქტურული ერთეული.
  • სააგენტოს კონტროლის მექანიზმები ფორმალურია – სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის გარდა, სააგენტოს  კონტროლის ყველა სხვა მექანიზმი ფორმალური ან სუსტია: მცირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის ბერკეტები და იგი აღარ მონაწილეობს ტექნიკურად ფარული მოსმენების დაწყების პროცესში; პრემიერ-მინისტრის კონტროლი მხოლოდ მისთვის ანგარიშის წარდგენით შემოიფარგლება, თუმცა მანამდე ეს ანგარიში სუს-ის უფროსს წარედგინება; საპარლამენტო კონტროლი კი მხოლოდ ნდობის ჯგუფისათვის სტატისტიკური და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენით ამოიწურება.
  • სააგენტოს ჩაერევა კერძო კომპანიების საქმიანობაში –  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში მყოფი სააგენტო არა მარტო ახორციელებს  ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, არამედ უხეშად ერევა კერძო კომპანიების საქმიანობაში. სააგენტოს უფლება ეძლევა, ჩაატაროს ინფრასტრუქტურული აუდიტი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიაში, დააჯარომოს იგი (მაქსიმუმ 200 000) და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოსთხოვოს მისთვის ავტორიზაციის შეჩერება,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, კანონპროექტზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს არაგონივრულად მოკლე ვადებში მოუწია მუშაობა, ხოლო პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გასაცნობად ჯგუფში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ 4 საათი მიეცათ, რის შემდეგაც ჯგუფმა შეწყვიტა მუშაობა.

“სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ იქნა გაზიარებული კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარდგენილი არც ერთი პრინციპული პოზიცია როგორც სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობაზე, ისე მის მიმართ შესაქმნელ კონტროლის მექანიზმებზე. ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად სახიფათოა მსგავსი მასშტაბისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში.”

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

მასალების გადაბეჭდვის წესი