ახალი ამბები

“კონსტიტუციით განისაზღვროს საცხოვრისის უფლება” – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

10 თებერვალი, 2017 • 3183
“კონსტიტუციით განისაზღვროს საცხოვრისის უფლება” – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ბანკის კრედიტორებმა და ადამიანებმა, რომლებმაც საცხოვრისი იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო დაკარგეს, აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღევანდელი მანიფესტაცია გამაფრთხილებელია, პროტესტი კი პერმანენტულ სახეს მიიღებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით ამ დრომდე კანცელარიის შენობაში რჩებიან.

მათი მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციაში შესწორების შეტანაა:

კონსტიტუციაში ჩაიწეროს და განისაზღვროს მინიმალური საცხოვრებელი ფართი, რომლის წართმევაც არ შეეძლება ამ ქვეყანაზე არც იპოთეკარს და არც ბანკს. ამ საკითხთან  დაკავშირებით ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ჩვენ შემოვიტანეთ ულტიმატუმი, განცხადება, სადაც ვითხოვდით, რომ 10 თებერვლამდე შეგვხვედროდა პრემიერი. თუ ის არ შეგვხვდება, ჩვენ არ ვაპირებთ აქედან გასვლას. აქ ვიქნებით სანამ პრემიერ-მინისტრი არ შეგვხვდება,”- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მამისო ჯაფარაშვილი. 

ბანკის მევალეებისა და იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო ბინადაკარგული პირების აქცია კანცელარიასთან 10.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბანკის მევალეებისა და იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო ბინადაკარგული პირების აქცია კანცელარიასთან 10.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე შუშანა ფუტკარაძე ამბობს,  2009 წელში მისი ბინა ნათესავმა მფლობელების მოტყუებით ოპოთეკით დატვირთა, მიღებული თანხა კი მიითვისა. შუშანა ფუტკარაძემ და მისმა მეუღლემ კი სესხის დაფარვა ვერ შეძლეს და მათი სახლი აუქციონზე გაიყიდა. როგორც თავად ამბობს, ახლა ქოხში უწევს ცხოვრება, რომელშიც მოხუცი ცოლ-ქმრისთვის არასათანადო საცხოვრებელი პირობებია.

სახა კუკავას თქმით, რომელიც იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელმაც მთავრობისთვის შესათავაზებელი პროექტი მოამზადა, კონსტიტუციაში თუ ეს შესწორება შევა – ქვეყანაში იპოთეკური კრიზისი მოწესრიგდება:

“ერთი კვირის წინ საინიციატივო ჯგუფმა შევიტანთ წერილობით პრემიერ მინისტრის სახელზე პროექტი როგორ უნდა მოხდეს საბანკო, იპოთეკური კრიზისის მოწესრიგება საქართველოში. მათ შორის, კონსტიტუციაში შესწორების შეტანის გზით. კონსტიტუციაში უნდა შევიდეს შესწორება, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება საცხოვრისის უფლება. ეს არის ფინეთის, ესპანეთის, შევიცარიის კონსტიტუციაში. ჩვენ გვინდოდა საქართველოს მთავრობასთან განხილვა რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა ანალოგიური ჩანაწერის გაკეთებაზე საქართველოს კონსტიტუციაში,” – განაცხადა კუკავამ. 

აქციის მონაწილეებმა სოლირადობა გამოხატეს რუსთავში, “აზოტის ქარხნიდან” გათავისუფლებულებისა და “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულების მიმართ და ყველა სოციალურ ჯგუფს, გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი